Accentnews.ge
მინისტრი: რიკოთი სრულად 2024 წელს გაიხსნება

მინისტრი: რიკოთი სრულად 2024 წელს გაიხსნება

30/10/2023 07:56:22 რეგიონები, საზოგადოება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის გზა 2024 წელს სრულად გაიხსნება.

„მთლიანობაში, 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა, დანარჩენ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდება. გეგმის შესაბამისად, 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება მთლიანად რიკოთი. ვადებს რაც შეეხება, მე ჯერ კიდევ 2018 წელს ვამბობდი, რომ რიკოთის ვადებთან დაკავშირებით 2020 წელს რიკოთის აღმოსავლეთ-დასავლეთ გზის დასრულება იყო ზედმეტად ოპტიმისტური.

ვადები არის იმ სახელშეკრულებო პირობებში, რომლებიც გაფორმებულია. საუბარი იმაზე, რომ რაღაცა უფრო ადრე, ან გვიან განხორციელდა, არის არარელევანტური, ყველაფერი გაწერილია შესაბამისი სახელშეკრულებო მუხლებით. ყველა გარემოება, რომელიც ხელშემწყობი, ან ხელშემშლელია, გათვალისწინებულია და ამდაგვარად ხდება ვადის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ქარსელაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე, სადაც დეპუტატებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ვითარებას აცნობს.

მისი თქმით, "რიკოთის პროექტს, როგორც თავისი მნიშვნელობით, ასევე, საინჟინრო სირთულით, მათ შორის, რელიეფის და გეოლოგიის გათვალისწინებით, არ აქვს ანალოგი ქართულ რეალობაში და არის უპრეცედენტო:

"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ასეთი მსხვილი, რთული საინჟინრო პროექტის განხორციელება კიდევ უფრო დიდ გამოცდილებას დააგროვებს“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის მონაკვეთზე შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. , დღეისთვის გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. გვირაბების ჯამური სიგრძე 33.6 კმ-ია, ხიდებისა კი - 21 კმ-ზე მეტი. მათ შორის, დღეს საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი 1800 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა. ასევე, სწორედ რიკოთზეა აშენებული საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი, რომლის სიგრძე 1362 მეტრია. გარდა ამისა, რიკოთზე იქნება 1640 მეტრის სიგრძის გვირაბებიც.

რიკოთის პროექტი დაყოფილია ოთხ მონაკვეთად: ჩუმათელეთი-ხევი, ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი და შორაპანი-არგვეთას საგზაო მონაკვეთებად. სირთულის თვალსაზრისით, თითოეულ მონაკვეთს თავისი სპეციფიკა გააჩნია.

ირაკლი ქარსელაძემ, ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს მოძრაობის პარალელურად, ორი დღის წინ გაიხსნა რიკოთის ორი მონაკვეთი, ოთხზოლიანი 27 კმ-იანი ახალი გზა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნამდე, რომელიც მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

ახალი მაგისტრალური გზის 27 კმ-იანი მონაკვეთით 8 კმ-ით შემცირდა ძველი ხევი-შორაპნის მონაკვეთი. რაც შეეხება დაზოგილ დროს, ამ მონაკვეთის დასაშვები სიჩქარით გავლა, 45 წუთის ნაცვლად 20 წუთში იქნება შესაძლებელი.

ინტენსიური სამუშაოები გრძელდება დანარჩენ მონაკვეთებზეც, რიკოთის პროექტის სრულად დასრულება 2024 წელს არის გათვალისწინებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S