
"ქართული ოცნების" წევრები ექიმ გაფრინდაშვილის დისკრედიტაციაზე გადავიდნენ
14/12/2019 09:28:06 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.
მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.
“ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც!”, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუკზე [სტილი დაცულია].
ერეკლე კუხიანიძემ პტიმრობაში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის კრიტიკა თავისივე პოსტის კომენტარებშიც გააგრძელა:
“რას თხოვენ სამშობლოს – ომის დაწყებას? თუ ტრაურის გამოცხადებას და დროშების ჩამოშვებას?”
გარდა ამისა, საკრებულოს წევრი გამოხატავს წყენას, გაფრინდაშვილის ოჯახი თუ რატომ დაუპირისპირდა “საყოველთაო ზეიმს”:
“ამ შემთხვევაში სრულიად გაუგებარია ოჯახის დაპირისპირება იმ საყოველთაო ზეიმთან, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის გახდომის აღსანიშნავად ტარდება.”
ოკუპირებულ ცხინვალში ტყვეობაში მყოფ ექიმს პროვოკაციაში ადანაშაულებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილიც:
“ეს ადამიანი სრულიად შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, მან აუცილებლად იცოდა, რომ დაიჭერდნენ. ვაჟა ექიმს ქალაქში ბევრი იცნობს, რა ქნას იმ სოფლის მოსახლეობამ- “უცნობებმა”, რომლებიც შეუგნებლად “კვეთენ საზღვარს” და ოკუპანტები იჭერენ, ასამართლებენ, აჯარიმებენ, აღიარებინებენ, რომ დაარღვია საზღვარი და ისე უშვებენ. იცით ვინმემ, რომ ყველა ვისაც იტაცებენ და უშვებენ ყველას ნაღიარები აქვს რომ დაარღვია ე.წ. საზღვარი? რატომ აგროვებენ ოკუპანტები ამ აღიარების საქმეებს გასაგებია, ხო? [სტილი დაცულია].
შეგახსენებთ, რომ გუშინ [13 დეკემბერს] ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებები ერთმანეთთან კოორდინაციაში არ არიან, მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნა. ამასთან გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის გამოხატვის მოტივით, კვირას [15 დეკემბერს] საზოგადოება საპროტესტო აქციაზე მიიწვია.
"რადგან ამდენმა მოლაპარაკებამ — და მე აღვნიშნე, რომ თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა — ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, ვიკრიბებით კვირას, 11 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან, რათა ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა დავანახოთ და გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა"- მიმართა საზოგადოებას ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ 13 დეკემბერს გამართული წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა განუცხადა.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 დეკემბრისთვის დაინიშნა.
ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.