Accentnews.ge
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოზე სააკაშვილის ვიდეოჩართვა გათიშეს: „პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოზე სააკაშვილის ვიდეოჩართვა გათიშეს: „პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული“

30/10/2023 08:35:35 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, ექს–პრეზიდენტის გამოსვლის დროს ვიდეოჩართვა გათიშეს.

მანამდე, მოსამართლემ სააკაშვილს რამდენჯერმე მისცა მითითება, "დაესრულებინა საქმის არსთან დაუკავშირებელ თემებზე საუბარი".

"მას შეიძლება, უსასრულოდ გაერძელებინა მისი უსასრულოდ მოსმენის ვალდებულება არ მაქვს, მან გამოხატა თავისი პოზიცია, რომ მის ადვოკატებს უცხადებს ნდობას, რომ გააგრძელონ პროცესი, ამის შემდეგ, როცა მას უნდა დაესრულებინა გადავიდა სხვა პოლიტიკურ საკითხებზე, რისი საშუალებაც სასამართლომ უკვე აღარ მისცა და მოახდინა მისთვის საუბრის შეწყვეტინება", - განაცხადა ბადრი კოჭლამაზიშვილმა.

სიტყვის შეწყვეტამდე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა, მოსამართლემ მას დისტანციური ჩართვის კამერა მაშინ გამოურთო. როდესაც ახლო აღმოსავლეთში შექმნის ვითარებაზე საუბარი დაიწყო და განაცხადა, რომ სააკაშვილი სასამართლოზე "პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მიწვეული".

მოსამართლის ამ ქცევას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების პროტესტი მოჰყვა. ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს სხდომას დარბაზში ვერ ესწრება და კლინიკიდან დისტანციურად ერთვება, მისთვის კამერის გამორთვა "უტოლდება ფაქტობრივად გაძევებას". მან მოსამართლეს მიმართა თუ "ამას გაძევებას არ არქმევთ და თქვენ მორალური უფლება არ გაქვთ ამ საქმის გაგრძელების" და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა საქმისგან თვითაცილება მოეხდინა. ამასთან, ბექა ბასილაიას თქმით, მოსამართლის ქცევას "არაჰუმანურ ქცევაზე ნაკლები შეფასება ვერ ექნება".

ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და შესაბამისად, განმარტავდა, რომ მიხელ სააკაშვილს ჰქონდა პროცესზე პოლიტიკური განცხადებების უფლება.

"მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო საქმიანობა და მისი გარკვეული ასპექტები გამოცხადებულია დანაშაულებრივად და დღეს რომ მიხელ სააკაშვილმა თავის განცხადებაში ისაუბროს საერთაშორისო მოვლენებზე ეს საქმესთან კავშირში რატომ არ არის? ამის წინასწარ შეფასებას სასამართლო რატომ ახდენს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი დარბაზში, რომ ყოფილიყო მოსამართლის მოწოდებებისადმი დაუმორჩილებლობის გამო შეიძლება გაეძევებინა დარბაზიდან, ამ შემთხვევაში კი საუბარი შეაწყვეტინა.

"გაძევება სხვა საუბრის შეჩერება სხვაა. საუბრის შეჩერების უფლება მოსამართლეს აქვს, კერძოდ საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის მეორე ნაწილით", - განაცხადა მოსამართლემ, რომლის თქმითაც ამ შემთხვევაში გამოიყენა "ნაკლებად შემზღუდავი, ნაკლებად რეპრესიული ზომა, რაც არის მისთვის საუბრის შეჩერება".

მოსამართლემ არც აცილებასთან დაკავშირებით, ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

წინააღმდეგობის გამო დარბაზიდან გააძევა ორი ადამიანი, მათ შორის პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ბარამიძე.

ბადრი კოჭლამაზიშვილის განცხადებით, საქმეზე შემდეგი სხდომა 20 ნოემბერს 12 საათზე ჩატარდება და მიხეილ სააკაშვილს მიეცემა გონივრული ვადა სიტყვით წარდგომისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S