
გაფრინდაშვილის მეუღლე: "ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთის კგბ-ს"
14/12/2019 12:29:18 კონფლიქტები, სხვა, საზოგადოება
ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი ქართველი ექიმის მიმართ რიგი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ამაზრზენ ცილისწამებად" აფასებს და აცხადებს, რომ ყველა ამ ადამიანს სასამართლოში პასუხისგება მოუწევს.
"რაც უფრო დიდხანს რჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად ჩანს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები რომლებიც აქამდე გადადგა სახელმწიფო სტრუქტურებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ ვამბობთ რომ ამ ეტაპზე ამან არ გაამართლა! ამიტომ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერ მინისტრთან და უწყებათაშორისი საბჭოს შექმნას, რათა მოხდეს ამ მოქმედებების კოორდინაცია.
დღევანდელი დღე ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავთ საქართველოს. ევროსაბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის უპირველესი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა. იმ პირობებში როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება შეზღუდულია ციხეში სხვა ადამიანების უფლებების და თავისუფლების დაცვისთვის, ეს ზეიმი ფერმკრთალდება! რაც შეეხება ცალკეული თანამდებობის პირებისა და "ბოტების" სრულიად ამაზრზენ ცილისწამებებს, ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.
ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის კგბ-ს! მათაც კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი", – წერს თამილა ლაფანაშვილი სოციალურ ქსელში.
მას შემდეგ, რაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ გამართული 13 დეკემბერს წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.
14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და აქციას მართავენ. ღონისძიებას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მართავს და ამას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას უკავშირებს. რეგიონებიდან მოსახლეობის ტრანსპორტირება მმართველმა პარტიამ განახორციელა.
გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველიმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტია ამ ღონისძიებისთვის რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ჩამოყვანას გეგმავდა. მათივე თქმით, ღონისძიებაზე დასწრების მიზნით საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებზე სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება.
15 დეკემბერს ექიმის ოჯახის წევრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად საოკუპაციო ხაზისკენ მსვლელობას გეგმავენ.