
"ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად"
14/12/2019 13:16:56 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად", – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ "ქართული ოცნების" აქციაზე სიტვით გამოსვლისას, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნება.
„მივესალმები, პირველ რიგში ახალგაზრდებს. დღეს თქვენი დღეა. ამ დღის ორგანიზება გააკეთეთ თქვენ. მივესალმები ყველა თაობის წარმომადგენელს. ძალიან კარგად მახსოვს 1991 წლის 9 აპრილიდან თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ჩვენგანმა ნაბიჯ-ნაბიჯ რა მძიმე დღეები გავიარეთ, რომ ვყოფილიყავით უფრო ახლოს ევროპასთან. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე 20 წელია, საქართველო ევროსაბჭოს წევრია. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ვუთხრათ მადლობა, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენს პარტნიორს უნდა ვუთხრათ მადლობა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის ევროპა იყო და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია. ათასწლეულების წინ დიდი კოლხეთიდან დაიწყო საქართველოს ევროპული გზა, მაშინ როდესაც ბერძენმა არგონავტებმა აქ, საქართველოში, კოლხეთში იპოვეს ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ღირსეული ნაწილი, მაშინ როდესაც მეოთხე საუკუნეში რომის იმპერიიდან წმინდა ნინომ საქართველოში შემოიტანა ქრისტიანობა და მას შემდეგ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეალი გახდა სწორედ ევროპულ- ქრისტიანულ ფასეულობებზე დამყარებული ქვეყანა", – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, საქართველოს არასოდეს ჰქონია ევროპასთან ისე ახლო ურთიერთობა, როგორიც დღეს აქვს:
"ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ყველას არ გვილხინს, მაგრამ ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც არასოდეს გვქონია ევროპასთან ისე ახლო ურთიერთობა, როგორც დღეს, ჩვენ გვაქვს უახლოესი ურთიერთობა ევროპასთან ეკონომიკურ კონტექსტში. დღეს თითოეულ ქართველს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს ევროპაში და ეს ყველაფერი მოხდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ თითოეულმა ამასთან ერთად უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გველის წინ, ის, რაც კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ჩვენს ლიდერთან ერთად, ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი".
პრემიერმა ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზეც ისაუბრა:
"ყველას კარგად გვესმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არიან ბევრი ძალები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ გზას, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლობაა, ადამიანი, ექიმი, რომელმაც გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი კეთილი ნებით, კეთილი სურვილებით, დღეს იყოს ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად ამისა, ჩვენ ამას გავუძლებთ, გავაგრძელებთ გზას წინ და ჩვენი გზა იქნება საბოლოო გამარჯვება ევროპის ფარგლებში. მაგრამ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული, უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ. ამიტომ, თითოეული ჩვენგანის ევროპული გზა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენი ევროპული გზა და ჩვენი ევროპულობა არის ჩვენი წარსული, ჩვენი დღევანდელი დღე და ჩვენი მომავალი, ამიტომ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წარსულით, ჩვენი კულტურით, ჩვენი ტოლერანტობით, ჩვენი რწმენით და ჩვენი ეკლესიით ჩვენი გზა და ჩვენი საბოლოო გამარჯვება იქნება ევროპაში და ვიზეიმებთ იქ".
ცნობისთვის: თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორი "ოცნების" ახალგაზრული ფრთაა, შეკრების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ასახელებს.
სახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანები დილიდან გამოამგზავრეს. მათ ტრანსპორტირებას "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს.
გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველიმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტია ამ ღონისძიებისთვის რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ჩამოყვანას გეგმავდა. მათივე თქმით, ღონისძიებაზე დასწრების მიზნით საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებზე სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება.