
რუსთავის მერიამ ადგილობრივ საკრებულოს სასამართლოში უჩივლა
30/10/2023 15:36:24 რეგიონები
რუსთავის მერიამ რუსთავის საკრებულოს საქალაქო სასამართლოში უჩივლა. მოსარჩელის არგუმენტია, რომ საკრებულო მერიის ინიციატივებს არ განიხილავს. ამჟამად ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში ოპოზიციური უმრავლესობაა.
30 ოქტომბერს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკრებულოს „კოალიციური დაჯგუფება მავნებლური უმოქმედობითა“ და საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად მერიაში აბრუნებს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს, როგორებიცაა მრავალმილიონიანი ინვესტიციების მოზიდვა მშენებლობაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
როგორც ლაცაბიძემ განაცხადა, მოსარჩელეები ითხოვენ, რომ საკრებულოს სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ იმუშაოს საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, განიხილოს დადგენილ ვადებში და საკრებულოს სხდომებზე გაიტანოს მერიის პროექტები, რომლებიც მშენებლობებს ეხება. გარდა ამისა, მერია ითხოვს, გაუქმდეს საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერილი ის დოკუმენტები, რომლებიც, ნინო ლაცაბიძის შეფასებით, დაუსაბუთებელია.
„რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ ორი წლის თავზე მაინც დაიწყოს საკუთარი მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, მიგვემართა სასამართლოსთვის“, - თქვა ლაცაბიძემ.
მისივე თქმით, მან რამდენჯერმე უშედეგოდ მიმართ საკრებულოს თავმჯდომარეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრს ნოდარ შეროზიას, "არ აჰყოლოდა „ნაციონალური მოძრაობის" “მანკიერ გეგმებს" და ხელი შეეწყო საკრებულოს, როგორც ქალაქის მოსახლეობის ინტერესების დამცველი ორგანოს ფუნქციის დაბრუნებაში.
რუსთავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა მიხეილ მუზაშვილმა აღნიშნა, რომ საკრებულო გამუდმებით არღვევს რეგლამენტის 29-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს კომისიის მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების წესს.
რუსთავის საკრებულოში, სადაც ოპოზიციურ უმრავლესობაში შედიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ლელოს“ ერთი წარმომადგენელი, 35 წევრია.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბერიძემ მერის ბრალდებებისთვის პასუხის გაცემამდე ჟურნალისტები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნახევრად დანგრეული შენობის სანახავად მიიწვია, მერიის "არაეფექტური მუშაობის საილუსტრაციოდ". როგორც საკრებულოში აცხადებენ, რეაბილიტაციის პროცესში შენობა ჩამოინგრა, თუმცა მერიამ შემსრულებელ კომპანიებს 1,1 მილიონი ლარი მაინც გადაუხადა.
ალექსანდრე ბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკრებულოში კომისიურად მერიიდან შემოსული ყველა პროექტი იხილება და რასაც ნინო ლაცაბიძე ბრალდებებად უყენებთ, სიმართლე არ არის.
„ზოგს ქალაქში დადგენილი ზონირების პრინციპი ჰქონდა დარღვეული, ზოგი კი მშენებლობისთვის ე.წ. K2 კოეფიციენტის მომატებას ითხოვდა. ჩვენ ამ შენიშვნებს მერიას უკან ვუგზავნიდით, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ“, - განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსთავის მერი ვერ დაასახელებს ვერ ცერთ საკითხს, როცა საკრებულომ რომელიმე პროგრამას ან ბიუჯეტში ცვლილებას შეუშალა ხელი.
„რატომღაც, პრობლემები თავს იჩენს, როცა საქმე დეველოპერების ინტერესების დაკმაყოფილებაზე მიდგება ხოლმე“, - თქვა შეროზიამ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კომისიების დაკომპლექტების პროცესზე, როცა „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საკრებულოში თანამდებობებზე. ნოდარ შეროზიას თქმით, მას უნდოდა, რომ წარმომადგენლობითი ორგანო „დაბალანსებული ყოფილიყო“ და მმართველი პარტიის წევრებს კომისიების მუშაობაში სრულყოფილად მიეღოთ მონაწილეობა. რუსთავის საკრებულოში ექვსი კომისია მუშაობს და ყველას თავმჯდომარე ოპოზიციური უმრავლესობის წევრები არიან.
სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, გიგა ვეფხვაძემ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცხრაწევრიან კომისიაში მმართველი პარტიის წარმომადგენლები უმცირესობაში არიან და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენენ, არგუმენტირებული შენიშვნების თუ წინადადებების შემთხვევაშიც კი.