
მმართველი გუნდი – „მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა საქართველოსთვის მისაღები ვერ იქნება“
15/12/2019 14:56:11 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საარჩევნო სისტემის თაობაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის რიგით მესამე შეხვედრა, რომელსაც უცხოელი დიპლომატებიც ესწრებოდნენ, უშედეგოდ დასრულდა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან მმართველი გუნდის აზრით, ეს მოდელი საქართველოსთვის მისაღები ვერ იქნება.
"ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთში, არის მხოლოდ ერაყში და ალბათ, იმ ქვეყნებში ეს მოდელი, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება. მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს, ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მაგალითად, მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ანუ მაჟორიტარი, დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთვლით, რომ ეს წარმომადგენლობითობის პრინციპი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, რომ ეს მოდელი არსებობს მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში. საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი მაჟორიტარი ანუ პასუხისმგებელი პირი ჰყავდეს. ალბათ, მომავალ შეხვედრაზე სრულიად ახალ ინიციატივაზე ვისაუბრებთ, შემდეგ შეხვედრაზე აღარ განვიხილავთ იმ ყველაფერს, რაზეც დღეის ჩათვლით ვიმსჯელეთ. საჭირო იქნება, რომ რაღაცა ახალი, სრულიად ახალი ინიციატივა გაჩნდეს... ეს არის იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, ჩვენ ძალიან ბევრი საათი მოვანდომეთ იმის ახსნას, რომ ის, რაც მისაღებია ავღანეთში, საქართველოში მისაღები არ არის" - განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის: ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მეორე შეხვედრაზე, „ოცნებამ“ განაცხადა, რომ თანახმა იყო განეხილა მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, „გერმანულ მოდელზე“ დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 2 ექვსმანდატიანი, 3 შვიდმანდატიანი და 5 რვამანდატიანი.
ამომრჩეველი თავის პირველ ხმას აძლევს მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ ერთ კანდიდატს, ხოლო მეორე ხმას – ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ერთი მრავალმანდატიანი ოლქიდან აირჩევა პარლამენტის იმდენი წევრი, რამდენმანდატიანიც არის ეს ოლქი, და არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.