„რუსული სამყარო“ და მისგან მომდინარე საფრთხეები

31-10-2023 17:16:18 მითები და რეალობა

საყოველთაოდ ცნობილია კრემლის დაუოკებელი სიყვარული მის მიმართ ქვეშევრდომული გრძნობების ფრქვევისადმი არა მარტო საკუთარი მოქალაქეების, არამედ იმ ხალხებისა და ქვეყნების მხრიდანაც, რომლებსაც იგი „რუსული სამყაროს“ ნაწილად განიხილავს. რუსულ ისტებლიშმენტს არაფერი სიამოვნებს ისე, როგორც მარადიული ურყევი ერთგულების მლიქვნელური ფიცი. სწორედ ამაში მდგომარეობს, სხვათა შორის, მთელს მსოფლიოში „რუსული სამყაროს“ ჩამოყალიბების იმ პროექტის ესთეტიკური თავისებურებაცა და „სულიერი ღერძიც“, რომელსაც რუსეთი აგერ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ლობირებს. მოდით, განვიხილოთ, მაინც რას წარმოადგენს ე.წ. რუსული სამყარო, რომელშიც კრემლი სულ უფრო მეტი სახელმწიფოსა და ხალხის შეტყუებას ცდილობს.

„რუსული სამყაროს“ იდეოლოგიას მართალია, შორეულ წარსულში მიმავალი ფესვები აქვს, მაგრამ მისი რეინკარნაცია/აქტიური პოპულარიზაცია 2000-იანი წლებიდან იღებს სათავეს, ანუ ფაქტობრივად, პუტინის დაუსრულებელი მმართველობის დასაწყისიდან.

ამ აგრესიული კონცეფციის საფუძველში რუსული ენის, როგორც ყველა იმ ადამიანის გამაერთიანებელი ფაქტორის აღქმა დევს, რომლებიც რუსეთის კულტურისადმი ერთგვარ ლტოლვას გრძნობენ. ამავდროულად, რუსული სამყაროს ნაწილად შეიძლება, იქცეს ნებისმიერი ტერიტორია, სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსულად საუბრობს.

გახსოვთ, როგორ შეუსწორა ვლადიმირ პუტინმა 2016 წელს მოსწავლეს, რომელსაც თავად ჰკითხა რუსეთის საზღვრების შესახებ? მაშინ მან განაცხადა, „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდებაო“. და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, იგი პირდაპირი მნიშვნელობით საუბრობდა: რუსეთის ფედერაცია ხომ დღემდე აგრძელებს საკუთარი საზღვრების გაფართოების მცდელობებს, აწარმოებს რა ამ წუთებშიც მორიგ დამპყრობლურ ომს უკრაინაში და ანექსირებული აქვს რა ქვეყნის 4 ოლქი ყირიმთან ერთად.

პუტინის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა, შემდგომში კორუფციისა და უკრაინაში განცდილი წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან გადაყენებულმა ვლადისლავ სურკოვმა თავის დროზე ზუსტად განმარტა „რუსული სამყაროსა“ და პუტინის სიტყვების არსი: «პუტინმა ბრძანა, რუსეთს საზღვრები არ აქვსო». ვფიქრობ, მას ეს ეს ჰქონდა მხედველობაში. რა არის რუსული სამყარო? რუსული სამყაროა ყველგან, სადაც ადამიანები რუსულად საუბრობენ და ფიქრობენ … სადაც პატივს სცემენ პუტინს. მას კი პატივს სცემენ ბევრგან - ისინიც კი, ვინც რუსულად არ საუბრობს და საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა აქვს რუსეთზე. [რუსული სამყაროა] იქ, სადაც ადამიანებს ეშინიათ რუსული იარაღის, - იქაც ჩვენი გავლენის სფეროა... რუსული სამყაროა იქაც, სადაც პატივს სცემენ ჩვენს მეცნიერებს, მწერლებს, ხელოვნებას.... - ეს ყველაფერი რუსული სამყაროა».

„რუსული სამყაროს“ კონცეფციის ფარგლებში კრემლი უცხოეთში რუსულენოვან მოსახლეობას საკუთარი გავლენის იარაღად იყენებს და სამწუხაროდ, დროდადრო ეს ეკონომიკურად განვითარებულ და პოლიტიკურად მედეგ სახელმწიფოებშიც კი გამოსდის.

სწორედ რუსულენოვანი მოსახლეობა იყო გამოყენებული დესტაბიიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამის ყელაზე მკაფიო მაგალითს წარმოადგენდა „ბრინჯაოს ჯარისკაცის“ მონუმენტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელიც ტალინში საბჭოთა მეომრების მემორიალის დემონტაჟს უკავშირდებოდა.

მაგრამ კრემლის მხრიდან ყველაზე დიდი საფრთხე „ახლო უცხოეთის“ ისეთი ქვეყნებისადმია მიმართული, როგორიცაა უკრაინა და ბელარუსი, რომელთაც მოსკოვი „რუსული სამყაროს“ განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. სწორედ „რუსული სამყაროს კულტურული ერთობის აღდგენისა“ და „რუსული ენისა და მასზე მოსაუბრე მოქალაქეების დაცვის“ საბაბები გამოიყენა კრემლმა უკრაინაში საკუთარი ტერიტორიული ექსპანსიის გასამართლებლად. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა - The Economist სტატიაში «ომის ახალი რუსული კულტი» აღნიშნავდა: «რუსული სამყარო» წარსულში ბუნდოვანი ისტორიული ტერმინი იყო საერთო ეთნიკურობაზე, რელიგიასა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული სლავური ცივილიზაციის აღსანიშნად. პუტინის რეჟიმმა კი ეს იდეა თავისებურად გააცოცხლა და საკუთარ პროპაგანდაში ანტიდასავლური ვაქჰანალიის, მართლმადიდებლური დოგმის, ნაციონალიზმის, შეთქმულების თეორიისა და სტალინური ტიპის საპოლიციო სახელმწიფოს ვულგარული ნაზავის სახით დაამკვიდრა».

რუსეთმა უკვე მოახდინა ბელარუსის რუსიფიცირება, ის კი არცთუ მცირე ევროპული ქვეყანაა არცთუ ყველაზე სუსტი ეკონომიკით და დიდი ადამიანური კაპიტალით. წარმატებული რუსიფიკაციის შედეგად დღეს 10-მილიონიან ბელარუსში, რომლის მოსახლეობაში ბელარუსები სჭარბობენ, ბელარუსულ ენას სოფლებში თუ გაიგებთ. როგორც ავტორიტეტული გამოცემა DW აღნიშნავს, UNESCO-ს მსოფლიო ენების ატლასზე ბელარუსული აღნიშნულია vulnerable-ად (მოწყვლადად, დასუსტებულად), ეს კი კვდომის 4-საფეხურიანი გზის პირველი საფეხური გახლავთ.

გაძლიერებულ რუსიფიკაციას ექვედებარებიან რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთკავკასიური რესპუბლიკებიც. აბორიგენი ხალხების არაერთი ენა უკვე განწირულია გაქრობისთვის. ამმხრივ ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ ბელარუსებიც კი არა ორენოვანებისკენ მიემართებიან, როგორც, მაგალითად, შოტლანდიაში ან უელსში, არამედ საკუთარი ენის რუსულით სრულად ჩანაცვლებისკენ.

ენა - ეს, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მაგრამ შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს „რუსული სამყაროს“ პრაქტიკული მდგენელი - ის, თუ რა წესები მოქმედებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც „რუსულმა სამყარომ“ მოიკიდა ფეხი. უცვლელი პუტინი, სამარადჟამო ლუკაშენკო და კადიროვი – ეს „რუსული სამყაროს“ სავიზიტო ბარათია. ყოვლისმომცველი კორუფცია, ძალოვანებისა და ჩინოსნების სრული ძალაუფლება, ადამიანის საბაზისო უფლებების იგნორირება და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, აგრესიის პროპაგანდა და ჯიბის მედია - ესაა ის, რასაც „რუსული სამყარო“ გვთავაზობს. და ვინ ჰყავს მას მეგობრებში? - სირია, ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა, ჰესბოლა და ჰამასი... ვერ გამოსდის „რუსულ სამყაროს“ მეგობრობა დემოკრატიებთან, მათთან, ვინც ნორმალური, ადამიანური, ჰუმანისტური საზოგადოება ჩამოაყალიბა.

„რუსული სამყარო“ დაუნდობელია თავის პროპაგანდაში. სახელმწიფო სატელევიზიო არხები გადაიქცნენ მონსტრებად, რომელთათვისაც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების, ხალხებისა და სახელმწიფოების მიმართ სიძულვილის გაღვივების, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ნორმების უარყოფისა და განსხვავებული აზრის მიუღებლობის წაქეზების მიზნით სიცრუის ფრქვევა ნორმად იქცა.

მსგავსი აღვირახსნილი პროპაგანდის მაგალითია რუსეთის პირველი სატელევიზიო არხის სიუჟეტი „ჯვარზე გაკრული რუსი ბიჭუნას“ შესახებ. შეგახსენებთ იმ მოვლენათა ფაბულას, რომელიც ამ დეზინფორმაციას უძღოდა წინ. 2014 წლის 18 მარტს რუსეთმა უკრაინული ყირიმის ანექსია განახორციელა - და კრემლს დასჭირდა საკუთარი მოსახლეობის შოკირება ამ ქმედებისთვის ლეგიტიმაციის მისაცემად. იმავე წლის 12 ივლისს რუსეთის „პირველ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც უკრაინიდან დევნილი ყვებოდა, როგორ „დასაჯეს საჯაროდ უკრაინელმა სამხედროებმა სლავიანსკში პრორუსი აქტივისტის ცოლი და 3 წლის ვაჟი“. მოგვიანებით არაერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო ფეიქი, ხოლო თავად „თვითმხილველმა“ ქალმა, რომელიც ამას ყვებოდა, აღიარა, რომ ეს ამბავი „სხვებისგან ჰქონდა მოსმენილი“.

„ჯვარზე გაკრული ბიჭუნას“ შესახებ სიუჟეტს მკვლევარები იმის ერთ-ერთ მტკიცებულებად იყენებენ, რომ დეზინფორმაცია და სიცრუე ნორმაა თანამედროვე რუსული მედიისთვის. როგორც ამერიკული ჟურნალისტიკის ვეტერანი, Wall Street Journal-ის უშტატო ავტორი, სსრკ-ისა და რუსეთის თემატიკის კურატორი დევიდ სეტერი აღნიშნავს, ხსენებული სიუჟეტის მიზანს ნაციონალისტური ისტერიის გამოწვევა წარმოადგენდა. ცნობილი ამერიკელი პუბლიცისტი საბჭოთა ემიგრატების ოჯახიდან ლინდა კინსტლერი აცხადებს, რომ სიუჟეტმა რუსეთში ანტიუკრაინული განწყობები და საომარი მოქმედებების მხარდაჭერა გააძლიერა. დასავლურ მედიას კი ეს სიუჟეტი რუსული პროპაგანდისტული სიყალბის - იმთავითვე არასანდო, აბსურდული ინფორმაციის მაგალითად მოჰყავს.

და მსგავსი მაგალითი უამრავია. ავიღოთ თუნდაც რუსული მედიის სიუჟეტი ბერლინში მიგრანტების მიერ 13 წლის რუსი გოგონას ვითომდა გაუპატიურების თაობაზე. ე.წ. „ლიზას საქმე“ ფეიქი აღმოჩნდა, მაგრამ გერმანიაში თავის დროზე არეულობის გამოწვევა და კრემლის მფარველობით მოსარგებლე მემარჯვენე რადიკალი პოლიტიკოსების პოზიციების მომძლავრება შეძლო.

აი, ასეთია „რუსული სამყარო“ მთელი მისი ყალბი „სიამოვნებებით“. თავად მისი კონცეფცია შეიცავს პირდაპირ სასიკვდილო საფრთხეს ხალხთა ეროვნული თვითმყოფადობის, ქვეყნების სუვერეიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის, განსაკუთრებით - რუსეთის სამეზობლოში.

ხოლო იმისათვის, რომ დატკბე ჩაიკოვსის, შოსტაკოვიჩისა და სტრავინსკის ნაწარმოებებით, ჩეხოვისა და გოგოლის დანატოვარით, სულაც არაა აუცილებელი, „რუსული სამყაროს“ ნაწილი იყო, - საკმარისია, გიყვარდეს მუსიკა და ლიტერატურა.

რაჟდენ ქაჯაია

ახალი ამბები

სხვა სიახლეები