
„მივმართავ ყველა იმ პრეზიდენტს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ჩამომიყვანია, ხმა შეგვაწიონ“
15/12/2019 10:16:34 კონფლიქტები, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერ აქციას შეუერთდა, რომელიც სოფელ ოძისთან იმართება.
მარგველაშვილი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, გამოიყენონ თავიანთი ავტორიტეტი და დაეხმარონ საქართველოს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
"ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გმირია, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. აქედან მივმართავ ყველა იმ მოქმედ თუ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც მე საოკუპაციო ხაზთან მომიყვანია, გამოიყენონ თავიანთი ავტორიტეტი, ძალიან დიდი საერთაშორისო გავლენა და თავისი ხმა შეაწიონ ამ ხალხის მარტივ ჰუმანურ მოთხოვნას, რომ დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონულმა დე ფაქტო სასამართლომ გამართული 13 დეკემბერს წინასწარი დახურული სხდომის გადაწყვეტილებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. იგი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის ბრალდებით" დააკავეს. მოგვიანებით კი 2–თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.