თბილისში საახალწლო განათებები ჩაირთო (ფოტო)

16-12-2019 09:59:48 საზოგადოება ,სხვა

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო. მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება.

საახალწლო ილუმინაციების ანთების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

„თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით ერთი თვეა, ახორციელებს. დღეს, უკვე დავიწყეთ განათებების ჩართვა სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ პროცესს რამდენიმე დღეში დავასრულებთ. ქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.




ცნობისთვის: თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხესა და განათებებში 2.8 მლნ ლარს ხარჯავს. 

სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ მერია კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში 1 250 000 ლარს უხდის, 4 55 000 ლარს  – სხვა განათებებსა და ნათურებში, ხოლო ნაძვის ხეში – 305 000 ევროს (დღევანდელი კურსით დაახლოებით 998 000 ლარი).

IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები