Accentnews.ge
დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს

დმანისის ყოფილ მერს ცეცხლი გაუხსნეს

01/11/2023 14:25:31 სამართალი

დმანისის ყოფილ მერს გიორგი ტატულაშვილს ავტომობილით თბილისიდან დმანისის მიმართულებით გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ის იხსენებს, რომ სოფელ დიდ დმანისთან „მერსედესის“ მარკის მანქანა აედევნა და მისი მგზავრების მხრიდან მოხდა 4 გასროლა. თავად არ დაშავებულა:

„მანქანას დაუზიანდა საბურავი და სკამის საზურგე, რამაც ფიზიკური დაზიანებისგან მიხსნა. არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რაც დაფიქსირებულია ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის მიერ. მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს".

მომხდარს ტატუაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავს მმართველი პარტიის მიერ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დმანისში, მოსახლეობის დაშინების მიზნით გამოყენებული ე.წ. ზონდერდაჯგუფების წევრები - ზურაბ ოკმელაშვილი და კობა მენაბდიშვილი დაესხნენ.

"უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე, ე.წ. ზონდერდაჯგუფების არცერთი წვერი არ არის მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ჩემზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ფაქტი უნდა შეფასდეს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობის დაშინებისა და პრევენციის მცდელობა, რომ სისხლიანი გარჩევები იქნება ყველგან, სადაც „ქართულ ოცნებას“ არ ექნება უპირობო მხარდაჭერა! აღნიშნული თავდასხმის შესახებ ეცნობება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს“.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი ტატუაშვილი 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების" რიგებიდან აირჩიეს. ის აგრეთვე იყო „ქართული ოცნების" დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2020 წლის აგვისტოში ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს. მანამდე მან მხარდაჭერა გამოუცხადა დეპუტატ კახა ოქრიაშვილს, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და „ნაციონალური მოძრაობის" ბლოკს შეუერთდა. 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში ტატუაშვილი „ენმ - ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატი იყო დმანისში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S