Accentnews.ge
„ერთ წელიწადში შესრულებული 10 წლის ნორმა“: როგორ აფასებენ ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირველ წელს „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ერთ წელიწადში შესრულებული 10 წლის ნორმა“: როგორ აფასებენ ზურაბიშვილის პრეზიდენტობის პირველ წელს „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

16/12/2019 09:34:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წელი გავიდა. მმართველი გუნდი პრეზიდენტის ერთწლიან საქმიანობას ნაყოფიერად აფასებს, თუმცა განსხვავებული შეფასება აქვს ოპოზიციას, რომელიც პრეზიდენტს „მოსიარულე საფრთხეს“ უწოდებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე:

„იგი გახლავთ მოსიარულე საფრთხე და მოლაპარაკე საფრთხე. რაც ნაკლებს ილაპარაკებს და რაც ნაკლებს ივლის, ქვეყნის ინტერესებისთვის უკეთესი იქნება. მან იმდენი დამაზიანებელი განცხადება და ქმედება ჩაიდინა, რომელიც ეყოფოდა 10 წლის განმავლობაში არაკვალიფიცირებულ და უგუნურ  პრეზიდენტს. 10 წლის ნორმა ერთ წელიწადში შეასრულა და ყველანაირი შეცდომის ლიმიტი ამოწურა. ყოველი მისი გამოჩენა ან საზღვარგარეთ გასვლა იწვევს შიშის გრძნობას, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს. პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება "ქართულ ოცნებას" და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ვალების ჩამოწერითა და სხვა მანიპულაციებით ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობა უყიდა“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე:

"საქმიანობის ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა აჩვენა, რომ ის არ არის ვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, მას აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული მოსაზრებები. პოლიტიკურმა პარტიებმაც, მათ შორის ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში მას აქვს თავისუფალი და ობიექტური პოზიციები. წლის განმავლობაში პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან აქტიური საერთაშორისო ვიზიტები. ზურაბიშვილმა გადადგა ნაბიჯები კულტურის, ტურიზმის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქველმოქმედების კუთხით. იყო სირთულეები ამ პერიოდში, ვინაიდან პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი და ქალი პრეზიდენტი, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. რეალურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სირთულეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოერევა და ინსტიტუტები ნორმალურად გააგრძელებენ ფუნქციონირებას". 

ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი 2018 წელს გახდა. მას მხარს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" უჭერდა.

ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში დადო.

ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, ის არის პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S