
გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააჯარიმა
02/11/2023 07:17:24 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ–ის წევრების ნიკა მელიას, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა.
მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმა, – იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებელი".
მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ცნობისთვის: გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ სამი პირი, პარტიის წევრები: ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული.
ნიკა მელია თანაპარტიელის, ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად გლდანში, მას შემდეგ მივიდა, რაც თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან ცემეს.
მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის თბილის მერ კახა კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.
ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.
24 სექტემბერს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.