Accentnews.ge
პრეზიდენტი და პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავენ

პრეზიდენტი და პრემიერი დიასპორის წარმომადგენლებს მიმართავენ

27/05/2019 07:37:39 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სადღეისოდ საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებით იცნობენ.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„დღეს თქვენ სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ, ყველა მიმართულებით, იქნება ეს კულტურა, სპორტი, პოლიტიკა თუ ეკონომიკა. [...] შეიძლება, ნაწილი ამ დიასპორის მართლა დაფუძნდეს საზღვარგარეთ, მაგრამ იმედია, დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდება“,  – განაცხადა პრეზიდენტმა.   

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნიდან მოქალაქეების ემიგრაციის მიზეზებზეც ისაუბრა: 

„დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნიდან მოქალაქეთა გასვლის ტალღა დაიწყო, რომელსაც უამრავი მიზეზი აქვს, პოლიტიკურიც, მაგრამ ძირითადად სოციალური და ეკონომიკური და გაიშალა საქართველო მსოფლიოში. ამას თავისი უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ ეს ძალაც არის. ჩვენი მომავალი არის ერთი, ჩვენ სახელმწიფოსთვის ერთობლივი საქმის კეთება შეგვიძლია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   

ამასთან, პრეზიდენტმა ვიზალიბერალიზაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ის, ვინც ვიზალიბერალიზაციას არაკეთილსინდისიერად იყენებს, ვნებს, როგორც იმ კეთილსინდისიერი მოქალაქეების სურვილს დაათვალიერონ ევროპა, ასევე საქართველოს იმიჯს საზღვარგარეთ“.

პრეზიდენტის გარდა, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დიასპორის წარმომადგენლებს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც მიმართა. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ.

„მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გილოცავთ ჩვენი დიასპორის დღეს. ნებისმიერი ქართველისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის ყველაზე ძვირფასი. ეს არის დღე, რისთვისაც ყველგან იბრძოდნენ თაობები, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში დიასპორას აქვს განსაკუთრებული ძალა. ჩვენ ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულება.

ჩვენთვის, საქართველოსთვის, იმაზე დიდი ღირებულება და იმაზე დიდი სიმდიდრე, ვიდრე არის ადამიანური კაპიტალი, არ არსებობს. სხვადასხვა მიზეზების გამო აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაც არის სწორედ ის, რომ ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ ამ ადამიანური კაპიტალის.

ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს არის განათლება. მე თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული ამ ეროვნულ იდეაში, რომ თქვენი შვილები იყვნენ აქტიურად ჩართული ამ ეროვნულ იდეაში. ადამიანური კაპიტალი არის ის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველო გავხადოთ ერთიანი და ძლიერი ქვეყანა. იმიტომ, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში, მის ყველა მოქალაქეს, ყველა ადამიანს, რომელსაც საქართველო უყვარს, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მოახდინოს თავისი ნიჭის რეალიზაცია სწორედ მის სამშობლოში“,- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ დიასპორის წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მადლობა გადაუხადა, რომ ინარჩუნებენ ტრადიციებს და შვილებს ქართულად ზრდიან.

„მე აქვე მინდა, გამოვეხმაურო წერილებს, რომელიც ხშირად მომდის და გულწრფელად გითხრათ, რომ თითოეული ქართველი, თითოეული მშობელი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, ცდილობს თავისი შვილი აღზარდოს ქართული ტრადიციებით, მისცეს მათ ინფორმაცია ჩვენი ფასეულობების შესახებ, შეასწავლოს ქართული ენა, ჩემთვის პირადად არის ჩვენი თანამედროვეობის გმირი ადამიანები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ამისთვის. 

მე ვიცი, თუ როგორი რთულია, თანამედროვე ეპოქაში გადასცე ყველაფერი ეს შენს შვილს, როდესაც ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. მე მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ის პროექტები დაასახელა, რომელიც მისივე თქმით, დიასპორის წარმომადგენლების გააქტიურებას გამოიწვევს.

„იცით, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ. მინდა აღვნიშნო რამდენიმე. პირველი არის მომავლის ბანაკი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან კარგი ფორმატია იმისთვის, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს დაუახლოვდნენ, გაუზიარონ ერთმანეთს თავისი გამოცდილება.

დავიწყეთ პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ელჩებს შეეხება. ჩვენ ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა გვყავს საზღვარგარეთ და შესაბამისად ჩვენი ამოცანაც და სურვილიც არის ის, რომ ისინი მონაწილეობდნენ ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მისი გაძლიერების პროცესში.

აქვე მინდა, ისიც გითხრათ, რომ ბუნებრივია მე პირადად არ ვარ კმაყოფილი პროგრამების იმ რაოდენობით და შინაარსით, რომელიც დღეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, ჩემი სურვილია, რომ როდესაც ერთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით, თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს განცდა, რომ დიასპორულ ორგანიზაციებთან ჩვენი ურთიერთობა იქნება სრულიად ახალ დონეზე. მსურს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ჩვენს ქართველებს, ჩვენს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, დიასპორის დღე. პირადად ჩემთვის, ჩვენი დიასპორა არის ქართული სულის და ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილი, ისევე როგორც ქართული დიასპორა არის ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილი და საქართველოს იმედიანი მომავლის საფუძველი“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S