
გიგა ბოკერია დღეს დაიკითხება
16/12/2019 10:01:08 სხვა, სამართალი
„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაიკითხება.
ბოკერია ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.
"გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", — აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ცნობით, გიგა ბოკერიამ უარი თქვა პროკურატურაში მისვლაზე და იგი სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.
უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული.
"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.