14 დეკემბრის აქცია: 2012 წლის სუროგატი, თუ ნატურალური პროდუქტი?

16-12-2019 14:34:34 თვალსაზრისი ,ანალიზი

საქართველო რომ პარადოქსების ქვეყანაა, ალბათ, სიახლეს არ წარმოადგენს. შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც უკანასკნელ მოვლენებს გადავავლოთ თვალი: ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ხელისუფლება ქმნის და შემდეგ ამაზე პასუხისმგებელობას ოპოზიციას აკისრებს; «გასაოცარ დემოკრატიაზე» ვსაუბობთ და მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატების თვალწინ ჟურნალისტებს ათრევენ, თანაც ამაზე პასუხს არავინ აგებს; დეპუტატს მანდატს უხსნიან, თუმცა მოსამართლეს, რომლის განაჩენიც თავის დროზე ამ დეპუტატმა აღასრულა, უვადო მოსამართლედ ამწესებენ; უვადო მოსამართლეებად ამწესებენ მათაც, ვინც სამოქალაქო საზოგადოებას «ქართული ოცნების» მმართველობის ლამის მთავარ პოლიტიკურ ხაზად ქცეულ „სისხლიან 9 წელს“ ახსენებს, საპროტესტო აქციას კი ამის გამო ოპოზიციას უწყობენ - «რატომ არ აპროტესტებდი ამ მოსამართლეების არსებობას 9 წლის წინ და აპროტესტებ დღესო»; „საყოველთაო ზეიმით“ აღვნიშნეთ ანბანის წყალობით ჩაბარებული იმ ორგანიზაციის (ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის) თავმჯდომარეობა, რომელიც მოსამართლეებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატების უკანასკნელი გადაწყვეტილების გამო მწვავედ გვაკრიტიკებს; თან ღონისძიებას აღნიშნავს არა ქვეყანა ზეპარტიულად, არამედ კონკრეტული პარტია... და მეტიც, ღონისძიებაზე საზოგადოების მობილიზების პროცესში სამოქალაქო სექტორი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.... პროცესმა შეაშფოთა სახალხო დამცველიც. 

ევროსაბჭო არის: დიალოგი; მრავალფეროვნება; პოლიტიკურ ოპონენტებთან საჭიროების შემთხვევაში ზეპარტიული ინტერესებისთვის თანამშრომლობა; სამოქალაქო მშვიდობის უზრუნვეყოფა; ადამიანის უფლებები და თავისუფალი სასამართლო. 

მართალია, პოლიტიკურ ლიდერებს 14 დეკემბრის ღონისძიებაზე, რომელზეც დიპლომატები არ იყვნენ მიწვეულები, არაფერი უთქვამთ იმაზე, როგორ გამოიყურება ქვეყანა თავმჯდომარის რანგში, როდესაც ისტორიულ დაპირებას გასცემს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე და შემდეგ მას უბრალოდ ჯიუტად აღარ ასრულებს, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დამაიმედებლად გვარწმუნებს, „მრავალი თვალსაზრისით ევროპულ დემოკრატიაში ვცხოვრობთო“.  


მაინც რომელ ასპექტში ვგრძნობთ თავს ევროპული დემოკრატიის ნაწილად და ვის დარჩა განცდა, რომ ღონისძიება რეალურად ეძღვნებოდა ანბანში G–ს წყალობით მიღებულ თანამდებობას? რეალურად რისი თქმა სურდა მმართველ გუნდს? - ამ საკითხებზე „აქცენტი“ ქართველ ანალიტიკოსებსა და პოლიტიკოსებს ესაუბრა. 

ანალიტიკოს გია ხუხაშვილს 14 დეკემბრის ღონისძიებამ არ დაუტოვა განცდა, რომ ის ევროსაბჭოში ქვეყნის თამჯდომარეობას ეხებოდა. პირიქით, როგორც იგი „აქცენტთან“ საუბრისას აბობს, სპექტაკლი მისი შვილიშვილის სტილში დაიდგა:


„ეს ვითომ-ვითომ ჩემს შვილიშვილს უყვარს და თან რაღაცას ეშმაკობს ხოლმე. ჩემი შვილიშვილის სტილში დადგეს სპექტაკლი. შედეგი კი კარგ შემთხვევაში ნულოვანია, რადგან გზავნილი, რომელიც შესაძლოა, საზოგადოებაში მსჯელობის საგანი გამხდარიყო, არ გაჟღერებულა. თუ ხელისუფალს ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ 2012 წლის ასოციაცია გაჩენილიყო, ამ მხრივ მოიკოჭლებდა, რადგან 2012 წლის რეჟიმის დამარცხების გმირები იქ პრაქტიკულად არ ყოფილან, თუ არ ჩავთვლით კახი კალაძეს.  ეს იყო 2012 წლის სუროგატი და არა ნატურალური პროდუქტი. ბუნებრივია, მათ ამოცანას ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერის ილუზიის შექმნა წარმოადგენდა. მსგავსი რამ დემოკრატიული სამყაროსთვის არ არის დამახასიათებელი: ხელისუფლება ორგანიზებას ახდენს მხოლოდ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ისიც - სვადასხვა საკონცერტო ღონისძიებებით და არა უბრალოდ მიტინგით, რაც 14 დეკემბერს ვიხილეთ. ასეთ რამეს აკეთებს, მაგალითად, მადურო ვენესუელაში; პუტინი, როდესაც ძალიან გაუჭირდება... დემოკრატიულ სამყაროში ვერ მომიყვანენ მაგალითს, მსგავსი აქცენტებით ტარდებოდეს აქციები“. 

„ქართული ოცნების“  უკვე ყოფილ წევრს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს არ ახსენდება შემთხვევა, მსგავსი ფორმით აღენიშნოთ რომელიმე სხვა ქვეყანაში თავმჯდომარეობა. ამასთან, ის კმაყოფილია უკვე იმით, რომ ღონისძიებამ ექსცესებისა და აგრესიული გამოსვლების გარეშე ჩაიარა, რადგან ეს საქართველოს, როგორც თავმჯდომარის იმიჯს კიდევ მეტად დააზიანებდა: 


„უცნაური ფორმაა თავმჯდომარეობის მიღების ამ სახით აღნიშნვა. ზოგადად, ეს თავმჯდომარეობის აღნიშნვის ტრადიციული ფორმა არ არის. მე არ მახსენდება სხვა ქვეყანა, მსგავსი ღონისძიებები ჩაეტარებინოს. ვინაიდან მოვლენები, რომელიც ვითარდებოდა, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მმართველ გუნდს დიდი რაოდენობის მხარდამჭერების მობილიზების სურვილი ჰქონოდა, გულწრფელად რომ ვთქვა, მეშინოდა, როგორ წარიმართებოდა ღონისძიება, რომ ამას არ დაეზიანებინა ქვეყნის სტატუსი, - საქართველოს ხომ ყველა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ამყოფებს ევროსაბჭოში თავმჯდომარეობის გამო. კარგია, რომ ღონისძიებამ ექსცესებისა და აგრესიული გამოსვლების გარეშე ჩაიარა“.  

რა არის საზეიმო და უშუალოდ რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბრძანა, „ევროპულ დემოკრატიაში ვცხოვრობთო“, გაუგებარია ანალიტიკოს ვანო ჩხეიძისთვის

„ვხედავთ, რომ მრავალი გამოწვევის წინაშე ვართ: მაღალი დონის კორუფცია სერიოზული გამოწვევაა და ამაზე მხოლოდ ჩვენ არ ვლაპარაკობთ, - რეზოლუციები მიუთითებს ამაზე; მართლმსაჯულების სფეროშია ასევე სერიოზული გამოწვევები, ამაზე საუბრობს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ა.შ. რასაც ყველა ხედავს, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ საჯაროდ, იგივე ჩანს ჩემი გადმოსახედიდანაც. ამდენად, რა გვაქვს საზეიმო, არ ვიცი. ამ გამოწვევების ფონზე ძალიან არასერიოზულია, მსგავსი ზეიმი გამართო“.

და მაინც, რეალურად რას ეძღვნებოდა 14 დეკემბრის ღონისძიება? - ეს, შეიძლება, ითქვას, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თბილისის საკრებულოში ირაკლი ზარქუამ უკვე 16 დეკემბერს გასცა, როდესაც მორიგი პრობლემური საკითხის წამოჭრისას ბრძანა, „ჩვენ მხარდამჭერთა არმია გვყავს და ამაში თქვენც დარწმუნდითო“. 

ავტორი: დიანა მუსელიანი    

ახალი ამბები

სხვა სიახლეები