
ჟურნალისტებმა დიდ ბრიტანეთში რუსეთთან დაკავშირებული 900 კომპანიის ქსელი გამოავლინეს
02/11/2023 15:01:53 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში რუსეთთან დაკავშირებული 900 კომპანიის ქსელი გამოავლინეს, მათი დახმარებით რუს ბიზნესმენებსა და მაღალჩინოსნებს სანქციებისთვის თავის არიდება შეეძლოთ, – ამის შესახებ ნათქვამია BBC-ს, ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Finance Uncovered-ისა და "სეიშელის სამაუწყებლო კორპორაციის" გამოძიებაში.
გამოეძიების თანახმად, სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულია იურიდიული ფირმა "Alpha Consulting", რომლის ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქე ვიქტორია ვალკოვსკაია არის.
"კომპანიას ოფისები მოსკოვსა და ლონდონში აქვს. "Alpha Consulting" 2017 წლიდან მოქმედებს და მისი პარტნიორი კომპანიების ნაწილმა ხელი შეუწყო აქტივების რეალური მფლობელების დამალვას", ნათქვამია გამოძიებაში.
დოკუმენტის თანახმად, გარდა ამისა, "Alpha Consulting" სხვა მომსახურებასაც უწევდა რუსებს, რომლებსაც დასავლეთის სანქციების ეშინოდათ".
" Alpha Consulting" დაეხმარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელის ევგენი პრიგოჟინის კომპანიას, შეექმნა იურიდიული პირი სეიშელის კუნძულებზე და ის მისი სიდედრის სახელზე დაარეგისტრირა. ამასთან, Alpha Consulting–მა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეგობრის, კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრის ლეონიდ რეიმანის ერთ-ერთი კომპანია დირექტორით უზრუნველყო. დირექტორმა ლეონიდ რეიმანი არ დაარეგისტრირა პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირად, რაც შესაძლოა, მის კომპანიას დამატებითი შემოწმებებისთვის გვერდის ავლაში დაეხმარა. "Alpha Consulting"–ში გამომძიებელ ჟურნალისტებს გაუცხადეს, რომ კომპანია ყოველთვის მკაცრად იცავს კანონებს. კომპანიაში უარყოფენ რაიმე კავშირს პრიგოჟინის ბიზნესთან", – ნათქვამია დოკუმენტში.