
"გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და საკრებულოს დეპუტატმა კუხიანიძემ თანამდებობა არ უნდა დატოვოს"
16/12/2019 12:26:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და საკრებულოს დეპუტატმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
"ემოციური თუ პოლიტიკური განცხადებები პირველ რიგში პატიმრის ინტერესს აზიანებს, რომლის გათავისუფლებაც არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პატიმრობის პირველივე საათიდან მობილიზებულია სამთავრობო უწყებები და უპრეცენდენტო ძალისხმევა ხორციელდება, მაგრამ არც ისე შორს არ მივდივარ, რომ ვინმემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ყველას გვაქვს ჩვენი უფლება გამოვხატოთ აზრი, თუნდაც ეს იყოს შოკისმომგვრელი სიტყვებით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღეს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია გაიმართა. საკრებულომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალამდე ითხოვა.
მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ. მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.