
ერდოღანმა და ალიევმა, მათ შორის, სომხეთსა და ისრაელზე ისაუბრეს
03/11/2023 13:11:18 კავკასია
აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარასკევს ასტანაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ბაქოსა და ანკარას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ პრეზიდენტების ადმინისტრაციები იუწყებიან.
თურქული მხარის ცნობით, შეხვედრაზე მათ შორის, განიხილეს რეგიონული და გლობალური საკითხები, ასევე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი.
„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ძალისხმევა ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგზავნოს მკაფიო სიგნალიი, რათა უზრუნველყოს ისრაელის შესაბამისობა საერთაშორისო კანონმდებლობასთან. რეგიონში მუდმივი მშვიდობა მიღწეულ იქნება მხოლოდ გეოგრაფიულად ინტეგრირებული და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნით 1967 წლის საზღვრებში მისი დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში",–იუწყება თურქული მხარე. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ "ჰამასს" ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს.
ამგვარ დეტალებზე არ არის საუბარი აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ რელიზში. ყურადღება მხოლოდ ორმხრივ თანამშრომლობაზე მახვილდება. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობები აქვს ისრაელთან, მათ შორის სამხედრო სფეროში.
ერდოღანის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის შეტყობინებიდან ასევე ვიგებთ, რომ მხარეებმა სომხეთთან ურთიერთობების საკითხეც ისაუბრეს:
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში არსებული მდგომარეობა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოსტკონფლიქტური პროცესი“.