ზურაბიშვილის ერთი წელი: «რაღაცა კრიტიკები», «დიდი დოზით სიყვარული» და ის, თუ რას ფიქრობს ხალხი

16-12-2019 18:10:13 საზოგადოება ,თვალსაზრისი ,სხვა ,ანალიზი

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად (როგორც თავად ბრძანა) „აღსაყდრებიდან“ ერთი წელი გავიდა. მართალია, არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ ამ დროის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საამაყო დიდი ვერაფერი დააგროვა, მმართველ გუნდში ირწმუნებიან, რომ ზურაბიშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანა წარმატებულად წარმოაჩინა. განსაკუთრებით კმაყოფილი მაინც თავად პრეზიდენტი ჩანს: 

„მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. დავდივარ ქუჩაში, გავდივარ რეგიონებში და ვხვდები ხალხს. ვგრძნობ დიდი დოზით სიყვარულს. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა პრეზიდენტს, ეს არის და არა რაღაცა კრიტიკები, 5–კაციანი გამოსვლები. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტსა და ხალხს შორის ეს ურთიერთობა არ გაწყდეს. სალობიეშიც ვივლი, თავშეყრის სხვადასხვა ადგილებში, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა“.

რას ფიქრობს ხალხი

„აქცენტი“ დაინტერსდა რიგითი მოქალაქეების აზრით, რით დაამახსოვრდათ მათ საქართველოს პრეზიდენტი, რა მოლოდინები ჰქონდათ მისგან, თუ ჰქონდათ საერთოდ და როგორ აფასებენ მის 1–წლიან მუშაობას. 

ინგა, 38 წლის: „საინტერესოა, სად დადის ქალბატონი პრეზიდენტი, რომ, როგორც თავად ამბობს, ხალხის დიდ სიყვარულს გრძნობს. არანაირად არ მაქვს განცდა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტია. მგონია, რომ მსგავსი აღქმა არც მას აქვს. ვცდილობ, რაიმე პოზიტივი გავიხსენო, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ქალი დამამახსოვრდა უსამართლო შეწყალებებით და „ლობიოს“ სკანდალით: აღშფოთებული მოქალაქეები რაღაცას აპროტესტებდნენ, პრეზიდენტი კი სალობიეში გამოიჭიმა. ეს დაცინვა არ იყო?! თუ მაინცდამაინც ასეთი დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, მიერთვა ლობიო, არ შეეძლო გამოძახების სერვისით სარგებლობა? ასევე ძალიან არასასიამოვნო იყო ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, „საქართველოს ჯარი არ ჰყავსო“... არადა, ვკითხულობდი სტატიებს, თურმე, ავღანეთის მისიაში ქართველები ყველაზე პროფესიონალურად არიან წარმოდგენილები“.    

შოთა, 70 წლის: „გვყავს რომ პრეზიდენტი? ერთხელ ვნახე ეს ქალბატონი, პრეზიდენტის სასახლეში რომ შედიოდა და იქიდან გამოსული აღარ მინახავს. ვგულისხმობ რიგით მოქალაქეებთან შეხვედრას, ვისი პრეზიდენტიც უნდა იყოს რეალურად, ვის ხმასაც უნდა წარმოადგენდეს... ვნახე, უცნაური ქართულით ესაუბრებოდა მის ვაჟს და ეგაა. არადა, ჟურნალისტები არიან დადარაჯებული, მაგრამ იმალება“. 

ლევანი, 18 წლის: „საშინლად არ მომწონს სალომე ზურაბიშვილი – მინიმუმ, იმიტომ, რომ ქართულიც კი არ იცის ნორმალურად. ამ ქალისგან დამამახსოვრდა ფრაზა, „როგორ დავამტკიცო, რომ ვარდისფერი სპილო არ ვარო?“... ძალიან ვიხალისე. ერთადერთი, იმის იმედი მაქვს, რომ შემდეგ არჩევნებზე მოქალაქეები ხმას მოსყიდვის ხარჯზე აღარავის მისცემენ“.

ნათია, 30 წლის: „საერთოდ ვერ აღვიქვამ პრეზიდენტად და სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან განსხვავებით, მასზე არაფრის თქმა შემიძლია“.

ზურაბი, 20 წლის: „მე არ ვიცი, ამ ქალს რა უნდა მოვუხერხოთ. ყოველ მის გამოჩენას დაძაბული ველი“. 

ლილი, 29 წლის:   „2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყოო“,– თავიდანვე ამ განცხადებით დამამახსოვრდა ეს ქალი. ვერ წარმომედგინა, რომ ამ განცხადების შემდეგ ეს ქალი როგორღაც ჩვენი პრეზიდენტი იქნებოდა. ხშირად აკეთებს პრინციპულად მიუღებელ განცხადებებს, მათ შორის უკანასკნელი განცხადება იყო ჯარის თაობაზე. დადებითი კუთხით სალომე ზურაბიშვილს ვერანაირად ვერ ვიხსენებ და ზოგჯერ საერთოდ გვყავს თუ არა ამ პოზიციაზე ვინმე - ამას ვერ ვგრძნობ. სულ დაძაბული ვუსმენ მის ყოველ ახალ ინტერვიუს და მაქვს მოლოდინი, რომ იტყვის რაღაც ისეთს, რაც აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების სამართლიან პროტესტს. ზოგადად, პრეზიდენტმა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უნდა წარმოაჩინოს და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებიც ისევე არასერიოზულად აღიქვამენ მას, როგორც ჩვენ - ქვეყნის შიგნით“. 

გიორგი, 35 წლის: „სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მე ხმა სალომე ზურაბიშვილს მივეცი და იმედები საოცრად გამიცრუა. მისგან ბევრს ველოდი, რადგან იყო ემიგრანტების შთამომავალი, საფრანგეთში გაზრდილი ქალი, ჰქონდა დიდი დიპლომატიური კარიერა და მეგონა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგებოდა სახელმწიფო ინტერესებს. მეგონა, დღევანდელი პრეზიდენტის როლისთვის, ანუ წარმომადგენლობითი ფუნქციისა და დიპლომატიური ხაზით მუშაობისთვის იდეალური კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ რეალურად რაც წარმოაჩინა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, ამის კორექტულად თქმა მიჭირს. წარმოიდგინეთ, რა თქვა ბოლო გამოსვლისას, „არაფერი შეგვიძლიაო“. თქვენ ხართ ინვესტორი და ფიქრობთ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას, ამ ქვეყნის პრეზიდენტისგან კი გესმით, რომ აქ განვითარებადი არაფერია... როგორი გზავნილია ეს?  ან ანტიკვარებში ამდენი მილიონის უაზროდ ხარჯვა რა იყო?! მისი ვაჟი ჩამრჩა გონებაში პოზიტიურად: ძალიან მახალისებს ეს პერსონა“. 

დავითი, 43 წლის: „ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს ამ ქალთან, - დაწყებული იმით, რომ ქართული არ იცის და რაღაც საშინელებებს ამბობს, გაგრძელებული პატიმართა შეწყალებით, ჯართან მიმართებაში გაკეთებული განცხადებით და ა.შ. მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს, ისაა, რომ პრეზიდენტს, რომელიც იდეაში ზეპარტიული უნდა იყოს, საკუთარი აზრი არ გააჩნია და ახმოვანებს მათ პოზიციას, ვინც დასვა პრეზიდენტად“.  

პრეზიდენტის კრიზისები

ამ შემთხვევაში ყურადღებას არ ვამახვილებთ იმ მინი–სკანდალებზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ ქართული ენის არასათანადო ფლობას, გუგუთიანთკარში მიმდინარე პროცესებისას „ლოპოტას“ აუზიდან „ჩართვას“, საზოგადოებრივი შფოთისას სალობიეში ვიზიტს და მსგავს მოვლენებს უკავშირდება. ყურადღებას ვამახვილებთ მხოლოდ იმ მოვლენებზე, რომელთაც გაცილებით მასტაბური პრობლემები მოჰყვა ადგილობრივ თუ სამეზობლო დონეზე: 

დავით–გარეჯის პრობლემა: ინაუგურაციიდან ორიოდ თვეში საქართველოს პრეზიდენტმა სამეზობლოში ვიზიტი გადაწყვიტა. ანალიტიკოსები სწორედ ამ ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებს უკაშირდებენ გარეჯის პრობლემის მტკივნეულად „გაღვივებას“. აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტმა ბრძანა, «უნდა განისაზვროს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის ამ დრომდე დაუდგენელი საზღვრებიო» - და  2012 წლის შემდეგ პირველად, 2019 წლის 26 აპრილს  გარეჯის თემა კვლავ მღელვარების საგნად იქცა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტურისტებსა და მომლოცველებს დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილში 4 დღის განმავლობაში არ უშვებდნენ. ამას მოჰყვა საზოგადოებრივი პროტესტი, მსვლელობები გარეჯის მიმართულებით როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მხრიდან, ქსენოფობიური განცხადებები, მათ შორის - სასულიერო პირებისა და პოლიტიკოსებისგან და ა.შ. ამ მღელვარების ფონზე შეიქმნა საზღვრის დამდგენი კომისია, რომელმაც უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა და გამართავს მომავალშიც. საზღვარი სრულად ამ დრომდე არაა დადგენილი. 

არავინ დავობს იმაზე, რომ საზღვარი უნდა დადგინდეს. ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკის მთავარი საფუძველი ისაა, რომ როდესაც ქვეყანა საომარ ვითარებაშია ერთ დიდ მეზობელთან, კიდევ ერთთან ურთიერთობაში „ნაღმი“ არ უნდა აიფეთქო. 

პატიმართა შეწყალება: 2019 წლის 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალების აქტი არა მხოლოდ საზოგადოებრივი აღშფოთების, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძრვის საფუძველი გახდა, ოპოზიცია კი იმპიჩმენტზე ალაპარაკდა. აღმოჩნდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, გაუგებარია, ვისი რეკომენდაციით (რადგან შეწყალების კომისია თავად გააუქმა) შეიწყალა ერთი ძებნილი (რომელსაც საპატიმროში ერთი დღეც არ გაუტარებია), ნარკორეალიზატორები, მათ შორის - ისეთიც, რომელმაც საპატიმროში მხოლოდ სამი თვე დაჰყო, და მკვლელები, მათ შორის - პოლიციელის. მიუხედავად არაერთგზის კითხვისა, პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა მოტივებით ხელმძღვანელობდა აქტის მიღებისას და სანაცვლოდ მისი ისედაც შეზღუდული უფლებამოსილების უკვე შეწყალების ნაწილში ფორმირების ინიციატივით გამოვიდა. 

კერძოდ, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, ექსკლუზიურად შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი, თუმცა შეწყალების არსის გათვალისწინებით, ეს უნდა იყოს ჰუმანური აქტი და არა საზოგადოებაში შფოთის შემტანი ნაბიჯი, პრეზიდენტი კი საუბრობს კონკრეტული რეგულაციების განსაზრვრაზე. არადა, სწორედ ამისთვის, კონკრეტულად გაწერილი ნორმებით არსებობდა შეწყალების კომისია, რომელიც პრეზიდენტმა გააუქმა... 

სკანდალის შედეგად დაზარალდნენ სხვა პატიმრებიც: ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და ის ამ დროისთვისაც მოქმედებს.  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები