
შსს – 15 წლის მოზარდის საქმესთან დაკავშირებით 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
16/12/2019 16:33:52 სხვა, სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.
"საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს", აცხადებენ შსს–ში.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელები მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობაში კედელზე გარკვეული წარწერების გაკეთების აღიარებას აძალებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდის ძმისთვის, რომელიც სამხედრო მოსამსახურეა, პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდი მეცხრე სართულიდან ამ დაკითხვის შემდეგ გადმოხტა.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115 მუხლით აღიძრა.
მოგვიანებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ოჯახის ინტერესებს იცავს საია და ემპათია.