მე ქალი ვარ და ჩემი ჭკუა თხამ არ შეჭამა

11-12-2019 23:31:48

ნინი ზარქუა

მე დავიბადე თქვენგან, თქვენ შორის. გავიზარდე და მასწავლეთ ყველამ ერთად, რომ ჩემი ჭკუა თხამ შეჭამა, რომ მე ეშმაკის ვარ, რომ კაცების საქმეში არ უნდა ჩავერიო, რომ ჩემი ადგილი უნდა ვიცოდე, რომ ქალი მაინც ქალია, რაც არ უნდა კარგი იყოს. რომ კაცის ტვინი სულ სხვაა. რომ მე ჩემი ფუნქციები მაქვს და რომ რაც კაცს ეპატიება, ის მე არ მეპატიება.

მერე მივედი ღმერთთან კითხვებით. ღმერთთან რა, მის საამქვეყნო სახლში - ტაძარში და მითხრეს იქ: რომ იქაც უნდა ვიცოდე ჩემი ადგილი. რომ ზიარებისას ჯერ კაცი უნდა გავუშვა წინ. რომ როცა მე "ბინძური" ვარ, საერთოდ ფეხიც არ უნდა შევდგა იმ წმინდა ალაგს. რომ "სუფთაობის" ჟამსაც არსებობს ისეთი უფრო წმინდა ადგილები, რომლამდეც მე ვერასდროს მივაღწევ. რომ მე ვაცდუნე კაცი და ამიტომ დავკარგეთ სამოთხე. და ეს იმ ადგილას, სადაც ყველა თანასწორია, წესით. სადაც, სული ფასობს , წესით და რატომღაც, იქამდე აზრადაც არ მომსვლია, მეფიქრა იმაზე, ჰქონდათ თუ არა სულებს გენიტალიები, ან ძუძუები.

მერე გამოვედი იმ სახლიდან და გააგრძელა ხალხმა სწავლება. რომ მე ვარ ქალი, ქართველი ქალი. მანდილოსანი, და უნდა ვატარო ღირსეულად ჩემი "მანდილი". ანუ , უნდა თაყვანი ვსცე ჩემს ქმარს, ჩემს კაცებს - მამას, ძმას და ყველა სხვას ერთად. რომ უნდა ვიყო მორიდებული, რადგან ქალი ვარ. რომ უნდა ვიყო თვალდახუჭული, რადგან ქალი ვარ.

მართალია, მე ვარ ზოგჯერ "ბინძური", თითქმის ყოველთვის ეშმაკი, მაცდუნებელი, უნებისყოფო, სუსტი და მეტად უჭკუო – ვიდრე კაცი, მაგრამ მაინც ეს "კაცები არიან სხვანაირად მოწყობილები" და მიღალატებენ ოღონდ ისე, რომ ღალატად არ ჩათვლიან ამას. და ეს მთავარია. რადგან თუ ისინი არ თვლიან ღალატად, მეც ასე უნდა მესმოდეს. რომ უნდა მიხაროდეს თუ ხანდახან ჩემი ქმარი კარგ ხასიათზეა და "მეხმარება" მე ჩ ვ ე ნ ს საქმეებში სახლში. რადგან ეს არ არის მისი მოვალეობა , ეს - ჩემი დაფასებაა მხოლოდ და სიყვარულია მხოლოდ.

ქალობა აქციეს რაღაც ტვირთად და რაღაც პასუხისმგებლობები გადმოგვაბარეს ჩვენ, თავიანთი უფლებების გასაზრდელად. ჰოდა, ავდგები, მხრებს დავიბერტყავ, ამ ტვირთს ჩამოვიხსნი და ვიქნები ქალი. თქვენი ქალის ნაცვლად – ჩემი თავის ქალი, ვიქნები დედა, ვიქნები დეიდა და ვიქნები ფემინისტიც. ვიცხოვრებ ზუსტად ისე, როგორც მე მინდა და არ შემრცხვება იმის, რომ: მე ქალი ვარ და მაქვს სურვილები. მე ქალი ვარ და ჩემი ჭკუა თხამ არ შეჭამა, არც ეშმაკის ვარ და არც ღმერთის, არც მამის და არც ქმრის, ვარ ჩემი თავის და შემიძლია მიყვარდეს ყველა, ვინც იმსახურებს ჩემს სიყვარულს. არ შემძულდება არავინ, და არც შემზიზღდება. თუ ასე გესმით ფემინიზმი, მაშინ თქვენში უნდა ეძებოთ პრობლემა. და თუ ვბრაზდებით ხოლმე, გვაპატიეთ. ჰო, გვაპატიეთ: ხშირად მოჩხუბარმა, მუშტებზე მაყურებელმა, მაგინებელმა კაცებმა, რომ ჩვენ, თქვენზე წვრილი ხმებით, თქვენზე ნაკლებად აგრესიულად, მაგრამ ხანდახან მართლა ძალიან გაბრაზებულად უნდა გითხრათ, რომ თანასწორები ვართ, რომ ზუსტად იმდენივე უფლება გვაქვს, რამდენიც თქვენ. და ვისაც გგონიათ, რომ საერთოდ არ არის ამის ყვირილი საჭირო, ბრმები ხართ და ყრუები პრობლემებისთვის. თქვენთვის დგამენ ხოლმე სცენებს, თქვენთვის ციხეში კაცების გაუპატიურების ჩვენება გახდა აუცილებელი იმისთვის, რომ პრობლემა დაგენახათ. ის პრობლემა, რომელიც უამკადრებოდაც აშკარა იყო.

მაგრამ, თუ არ იკივლა ვინმემ, თუ არ იღრიალა ვინმემ, თუ არ ეწამა, ჯვარს არ გაეკრა ისევ თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის (ჰო, თქვენიც არის – თქვენი შვილების, დების და თქვენი თავებისაც), იქამდე – "გიჟები არიან, ტო – რა უნდათ, რას ეძებენ, რა მიზოგინია ელანდებათ ამათ ყველგან".

ჩვენით უკმაყოფილო ღიპიანმა, ბანჯგვლიანმა კაცებმაც გვაპატიეთ, რომ ზოგი ჩვენგანი "სტანდარტულად ლამაზი" არ არის, ზოგი თქვენსავით ღიპიანია , ზოგი კიდევ თქვენსავით "ბანჯგვლიანი".

ძლიერ, თავისუფალ, ჭკვიან კაცებს არ ვთხოვთ პატიებას. ისინი არ ცდილობენ ჩვენს დამცირებას, მათ გვერდით თანასწორი ქალი სჭირდებათ და არა – დამლაგებელი, მონა–მორჩილი, ხმისვერამომღები ქალი, რომლებიც შთამომავლობას გაუგრძელებენ, სახლს დაულაგებენ და შიგადაშიგ "გაგულავებზეც" თვალებს დახუჭავენ ისე, როგორც ღირესეულ მანდილოსანს შეეფერება.

ამ ტვირთისგან აუცილებლად უნდა გავთავისუფლდეთ. უნდა გავახილოთ თვალები მალე, რადგან თვალდახუჭული, მოსიყვარულე, ერთგული, ნაღალატები და ბოლოს თვალგახელილი და ამიტომ ნაცოლარი - ფართოდ გახელილი თვალებით არ შევხვდეთ ტყვიას, რომელსაც ყოფილი ქმარი დაგვაჭედებს იმისთვის, რომ მასთან გაშორების მერე ცხოვრება გავაგრძელეთ. რადგან არ დავიჯეროთ გაცივებულებმა, რომ ეს ჩვენი ბრალი იყო და რომ ღირსები ვართ. რადგან არ შევწიროთ თავი მხვერპლად საზოგადოების აზრს და ვიცხოვროთ ნამდვილი, სრულყოფილი ცხოვრებით, ან ვცადოთ მაინც – ჩვენი გზის პოვნა.