ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს. როდესაც საკუთარი ავტომობილით მარტო ვმგზავრობ, სულ „ობიექტივს“ ვუსმენ. ხო, როცა მარტო, რადგან სხვა ადამიანებს ამისთვის ვერ ვიმეტებ. რატომ ვუსმენ? მაინტერესებს სადამდე მივლენ... ის, რომ ეს არხი „პატრიოტთა ალიანსისაა“ ყველამ ვიცით, პრაქტიკულად დაარსების დღიდან რომ ანტითურქული კამპანიით გამოირჩევა ეგეც, ხშირად რომ სისულელებს ლაპარაკობენ ეგეც, მაგრამ ბოლო პერდიოდში ამ არხზე ყველაზე ხშირად ორი სიტყვა ისმის: „სამხედრო მიუმხრობლობა“...
აქ მთავარი ორი ადამიანია - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი. სწორედ "პატრიოტების" ეს ორი ლიდერია ავანგარდში, თუმცა ფლანგიდან საქართველოს სახელმწიფოს უტევენ, როგორც პარტიის რიგითი წევრები, ისე ტვ ობიექტივის წამყვანები და მაყურებლები, რომლებიც თითქმის ყველა გადაცემაში რეკავენ და ერთსადაიმავეს იმეორებენ.
„საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“... ეს ეწერა 1918 წლის 26 მაისს მიღებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში. სახელმწიფო, რომელმაც დღიდან დაარსებისა ნეიტრალიტეტი გამოცხადა და დამოუკიდებლობის აქტშიც კი ჩაწერა, 3 წლის შემდეგ მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა დაიპყრო. გაგიკვირდებათ და ის ჩრდილოელი მეზობელი მაშინაც რუსეთი იყო. ვერც 1 წლით ადრე, 1920 წლის 7 მაისს გაფორმებულმა რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებამ უშველა ამ ამბავს. როგორც კი შეძლეს მაშინვე დაგვიპყრეს.
ხოდა არც ეს ნეიტრალიტეტის იდეაა ახალი. დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებისა ღიად, თუ შეფარულად პრო-რუსული ძალები ამ იდეას მუდმივად ლობირებენ. ხალხს არწმუნებენ, რომ ხსნა სწორედ მასშია და რომ 1921 წელი აღარაა. ისე 1921 წელი, აღარც 2008 წელს იყო.
ბატონი თარხან-მოურავი და ქალბატონი ინაშვილი საკუთარი მაუწყებლის ეთერსა და მათი მხარდამჭერების შეკრებებზე თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ. მათ შეუძლიათ ილაპარაკონ ყველაფერი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ასე მაგალითად, მათგან მოისმენთ, რომ საქართველო ნატოს პროექტებზე 500 მილიონ ლარს ხარჯავს და ამ ფულით შეგვიძლია ყოველ წელს 10 ათას ოჯახს ბიზნესი შევუქმნათ და ვაჩუქოთ, თან იმასაც ამატებენ სამხედრო ხარჯები იზრდებაო. არადა არაა ეგრე. თავდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი 2019 წელს 12 მილიონით შემცირდა და სულ რაღაც 790 მილიონი ლარია. ამ ფულის ძირითადი ნაწილი ხელფასებსა და ლოჯისტიკურ ხარჯებზე მოდის. საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია კი პრაქტიკულად ვერ ხერხდება, სწორედ სახსრების სიმცირის გამო. „პატრიოტებს“ თუ ვენდობით, თავდაცვა ხელფასებზე, ჯარის კვებაზე და სხვა ტექნიკურ ხარჯებზე მხოლოდ 190 მილიონს ხარჯავს, დანარჩენი ფული კი ავღანეთის მისიას ხმარდება. არ ვიცი, მაშინ საბუთი დაიდოს, საიდან მოდის ეს რიცხვები...
ბატონმა თარხან-მოურავმა ისიც თქვა ამ ფულით 28 ათასი ადამიანს შეგვიძლია მივცეთ განათლება - იაპონიაშიო. განა რამე. იაპონია ძაან მაგარი ქვეყანაა, მაგრამ როდესაც განათლებაზე საუბრობ და 28 ათასი ახალგაზრდის სადმე გაშვებაზე, ერთხელ არ ახსენებ არც ამერიკულ და არც ევროპულ უნივერსიტეტებს, ცოტა უხერხულია. იაპონია კაი გამოსავალია... ხო, ისიც დაამატა ორჯერ მეტი შეგვიძლია კორეაში გავუშვათო. ოღონდ სამხრეთშიო... მადლობა, ბნ. დავით, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ჩრდ. კორეაში არ უშვებთ, დიდი მადლობა.
წარსულის პრო-რუსული ძალებისგან განსხვავებით თარხან-მურავ-ინაშვილის დუეტმა ტერმინებით ჟონგლიორობა დაიწყო. ისინი გვთავაზობენ სამხედრო მიუმხრობლობას და არა ნეიტრალიტეტს. მიუმხრობლობის მოძრაობა 1961 წელს დაარსდა და მასში ის ქვეყნები გაერთიანდნენ, რომლებიც არც ნატოში იყვნენ და არც ვარშავის ბლოკში. დღეს კი 119 სახელმწიფოს აერთიანებს. რომელი სახელმწიფოებია და რამდენად შეიძლება ისინი ჩვენთვის მისაბაძები იყვნენ, შეგიძლიათ თავად ნახოთ. ყველას განხილვა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, მაგალითისთვის გეტყვით, რომ მასში გაერთიანებულ ორ ბირთვულ სახელმწიფოს; ინდოეთსა და პაკისტანს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები და ფაქტობრივი ომის ვითარება აქვთ. ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლამდე ვენესუელა იყო. ანუ, მადურო უნდა ყოფილიყო იმ მოძრაობის ლიდერი რომელშიც შევიდოდით. ის მადურო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები რომ ჰგონია. ორგანიზაციის ლიდერებს და მისი სამიტების მასპინძელ ქვეყნებსაც რომ გადახედოთ, მერწმუნეთ, თქვენი ქვეყნის იქ ყოფნის სურვილი არავის გაგიჩნდებათ.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ობიექტივის ეთერში ეს ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ-მეთქი. თუმცა ამასწინ ბნ. თარხან-მოურავი ტელეკომპანია პირველს ეწვია და ჩვეული დამაჯერებლობით ისაუბრა მიუმხრობლობის „სიკეთეებზე“. როდესაც ამ მოძრაობაზე კითხეს, არა კაცო, რას ლაპარაკობთო. მანდ რა გვინდა. და საერთოდაც ეგ მიუმხრობლობის მოძრაობა არაა, ეგ მიუერთებლობის მოძრაობააო. ბნ. დავითი ტერმინებსა და თარგმანში დაიკარგა, მაგრამ ვინც ჩემსავით სულ ობიექტივს არ უსმენს, შეიძლება ვერც შეემჩნია და ჰგონებოდა, ვაა, რა მაგრად გამოძვრაო.
ბნ. დავითმა ისიც დასძინა, ჩვენ გვინდა ფინეთის და შვედეთის მოდელიო. ეგეთი მოუმხრობლობა გვინდაო. ამაზე წამყვანმა უთხრა, მაგათ ნატოსთან ხელშეკრულება აქვს და მათ ტერიტორიაზე ალიანსის წვრთნები ტარდებაო. არა კაცო, რა ხელშეკრულებაო. რეებს ამბობთო. არ აქვსო. მერე თქვა, კი აქვს, მარგამ ქაღალდზეაო (არადა ქაღალდზე ის მოძრაობაა, რომლისკენაც გვექაჩება). ისტორიაში არ ყოფილა ფინეთს ან შვედეთს ნატოს წვრთნებში მიეღოს მონაწილეობა. ეს კაცი, მართლა ისეთი თავდაჯერებით საუბრობს, შეიძლება საკუთარი სახელის ნამდვილობაში დაგაეჭვოს. ამიტომ წამყვანებიც გაჩუმდნენ, მარგამ როგორც ჩანს ჩუმად გუგლავდნენ რაღაცებს და აი, ნინო ჟიჟილაშვილმა საბედნიეროდ იპოვა ის რაც უნდა ეპოვა. 2019 წლის 17-28 მარტს, ნორბოტენში (შვედეთის სამეფო) ჩატარდა სწავლება ჩრდილოეთის ქარი, რომელიც ძალიან მასშტაბური იყო და რომელშიც ნატოს ძალები მონაწილეობდნენ. ეს რომ ბნ. თარხან-მოურავს უთხრეს თავიდან ისევ გაჯიუტდა, გეშლებათ რაღაცო, მარგამ მერე იძულებული გახდა ეთქვა, ხო კაი, რა მოხდა მერე, ჩატარდა და ჩატარდაო... და ვინაიდან ბნ. დავითი ნატოსთან ერთად, საქართველოში ნატოს წვრთნებსაც ეწინააღმდეგება, საუბრის დასასრულს ასეთი არგუმენტი ძალიან არ მოეწონა. ცხადია, ის რომ ობიექტივის ეთერში იტყუება, ამას არავინ უსწორებს, სჯერათ კიდეც მისი, მაგრამ სხვაგან არ გაუვიდა.
ამ ტყუილების ჩამონათვალი კი საკმაოდ გრძელია. თითქმის ყველა სიტყვაში შეგიძლია სიცრუე იპოვო. არ აქვს მნიშვნელობა ეს კოლაბორაციონისტული ძალა, რომელ ტერმინს შემოგვაპარებს, ნეიტრალიტეტს დაარქმევს, მიუმხრობლობას, თუ ვახტანგურს.
სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მარგამ ესეც რომ არ ვთქვა არ შემიძლია. 4 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ შეკრებაზე, ბნ. თარხან-მოურავმა გვითხრა, რომ სამხედრო მიუმხრობლობა ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს, მარა იქნებ ახალი ტერიტორიები მაინც არ დავკარგოთო. ანუ, ეს დამაზიანებელი ნაბიჯი, რუსეთის ქცევას არსებითად არ შეცვლისო. ანუ, აზრი არ აქვსო რა... უბრალოდ, რუსეთს ასე უნდა ახლა და მოდი ასე ვქნათ, იქნება და მერე მოწყალება გაიღოს და ახალი ტერიტორიები მაინც არ წაგვართვასო. რა ვიცი, თვითონ თქვა ეს მიუმხრობლობა არაფერში გამოგვადგებაო და ვისაც მისი გჯერათ, აი აქ დაუჯერეთ...
რატომაა ეს ყველაფერი საშიში? კამპანიის მიზანი რა არის და ვის წისქვილზე ასხამს წყალს ცხადია. ისიც მოცემულობაა, რომ ამ პარტიას ბოლო არჩევნებზე 88 097-მა ადამიანმა მისცა ხმა. მაგრამ ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ პარტიას აქვს თავისი ტელევიზია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს და საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე ახდენს ფოკუსირებას. სოციალურად შეჭირვებულებზე, მოხუცებზე... ახდენს მავნე სტერეოტიპული წარმოდგენების გაღვივებას და არაფერს ამბობს რუსულ ოკუპაციაზე.
კიდევ უფრო საშიში ისაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები არ ჩანს. საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა ამ მავნებლობას მხარს არ უჭერს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არხეინად უნდა ვიყოთ.
ძალამ, რომელიც ნეიტრალიტეტს ითხოვს, ქართულ საზოგადოებას და მის მეირ გაკეთებულ არჩევანს ომი გამოუცხადა. სახელმწიფოს, კი რომლის ვალია ეს არჩევანი დაიცვას, ამ ბრძოლაში ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული.
საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი