დღეს ვნახე კადრები, რომლებზეც ასახულია, როგორ აძევებენ ჩემი საყვარელი თბილისური სასტუმრო “Rooms”-იდან ვლადიმირ პოზნერის ვიპ-სტუმრებს. Bosco-ს მფლობელი, მილიარდერი მიხეილ კუსნიროვიჩი ზურგით იცავს მფრინავი კვერცხებისგან პოზნერის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში ჩასულ მის სტუმრებს. მომიტინგეები, რომელთა შეკავებას პოლიცია ცდილობს, ყვირიან "Валите домой".
მიყვარს მობილურში იმ ვიდეოს თვალიერება, რომელიც მახსენებს, როგორ ვცეკვავდით ჩემს მოსკოველ მეგობარ ტოლიასთან (რომელიც 6 თვეში ერთხელ თბილისური მოდის კვირეულის რეჟისორად გარდაიქმნება ხოლმე), ასევე ერთ გამოჩენილ რუს დიზაინერ გოგოსა და ასევე გამოჩენილ მხატვარ გოგოსთან ერთად Rooms-ის ნომრის საწოლებზე. ლამაზები, მთვრალები. უზომოდ ბედნიერები. და შუაღამით საკმაოდ ხმამაღლა ვმღეროდით რუსულად "ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარ მარტოსულ მტრედზე". თუ სწორად მახსოვს, მერე როიალზეც ვუკრავდით რაღაცას ოტელის ფოიეში. ის კადრები ჩემთვის დღემდე ჭეშმარიტი ბედნიერების მომენტია.
თბილისი (და მთლიანად საქართველო) ის ადგილია, რომელიც ყოველთვის მენატრება. ვიცი, რომ მაისში იქ აუცილებლად გავფრინდები, აუცილებლად გავჩერდები ოტელ “Rooms”-ში. და იმედი მაქვს, ჩემი მეგობარი ტოლია – სწორედ ის, რომელთან ერთადაც საწოლებზე ვცეკვავდით, ასევე ჩამოფრინდება – უკვე ბერლინიდან. და ისევ თავისუფლად ვისაუბრებთ რუსულად, ლაღად მოვივლით ღამის ქალაქს ადგილობრივ მეგობრებთან ერთად, ისე, რომ არაფერი გვექნება სასირცხვილო, სათაკილო და არც არაფრის შეგვეშინდება. ისევ ვიქნებით ლამაზები და უსასრულოდ ბედნიერები.
კიდევ ის ვიცი, რომ რაც არ ნდა მოხდეს, არასოდეს წავალ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. და არასოდეს მივცემ თავს იმის თქმის უფლებას, რომ ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, მით უფრო – მახსოვს რა, როგორ აყრიდნენ ამ რეგიონებს ნულოვან წლებში თავზე რუსულ პასპორტებს, რომლებიც მომატებული რუსული პენსიებისა და შემწეობების მიღების მსურველ ადგილობრივებზე სატვირთო მანქანებიდან ხელმოწერის საფუძველზე გაიცემოდა, მერე კი - 2008-ში როგორ შეჰყავდა რუსეთს ამ რეგიონებში თავისი ჯარი, სარგებლობდა რა იქ რუსეთის მოქალაქეების ყოფნით.
ვფიქრობ, პოზნერს, ჩემს მსგავსად, მართლაც ძალიან უყვარს თბილისი. ამ მხრივ მისი მშვენივრად მესმის. მაგრამ ის, ისევე, როგორც მე, ამ ქვეყანაში არის ოკუპანტის წარმომადგენელი. ხოლო იმას, რამდენად შეესაბამება მსგავსი ფორმულირება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე რუსულ ხედვას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც თბილისში იმყოფები. იქ ვალდებული ხარ, იფიქრო ისე, როგორც მასპინძლები ფიქრობენ. და არჩევანი მარტივია: ან პატივი სცე ქართულ სამართალს და არ უარყოფდე ქვეყნის საზღვრებს, როცა მეგობრებს – მსახიობებს, მილიონერებსა და რესტორატორებს კრებ კერძო თვითმფრინავის ბორტზე შენი იუბილეს თბილისში აღსანიშნავად, ან შენი მიმართულებით მოშხუილე კვერცხებისგან პორტფელაფარებული იცავდე თავს ოტელიდან ავტობუსამდე გადარბენისას.
პირადად ჩემთვის არჩევანი ნათელია. სწორედ ამიტომ ვიცი, რომ არასოდეს წავალ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. არც “შესაძლოა” წავალ, არც “ალბათ” – არ წავალ არასოდეს. მათ შორის - იმიტომ, რომ ჩემთვის თბილისში ყოფნისა და ოტელის ფოიეში ფანჯრის რაფაზე მჯდომი მარტოსული მტრედის შესახებ სიმღერის ღიღინი გაცილებით მნიშვნელოვანია რუსულ პოლიტიკურ ამბიციებზე. ისევე, როგორც, სხვათა შორის, არასოდეს წავალ ყირიმში, რადგან მინდა, ლამაზმა და ბედნიერმა ვიხეტიალო კიევშიც.
და ბოლოს. პოზნერი ძვირფას შარვალ-კოსტუმსა და წითელ წინდებში ტყუილად არ დასეირნობს. იგი პირველი არხის სახეა – რუსული სახელმწიფო პროპაგანდის სახე. მადლობა ღმერთს, აირჩია რა იზოლაციონიზმის გზა, რუსეთმა პოზნერსა და საბიუჯეტო თანხების სანაცვლოდ ამ კურსის სხვა მისნაირ მხარდამჭერებს უამრავი კარგი ადგილი შესთავაზა, სადაც შეუძლიათ, საკუთარი დაბადების დღეები ზურგში კვერცხის მოხვედრის რისკის გარეშე აღნიშნონ და სადაც არ უწევთ მტანჯველი არჩევანის კეთება ჯვარსა და საცვალს შორის.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის ხედვებს ასახავს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას