ბოლო დროს საკმაოდ ხშირად მიწევს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა თემებზე დავა და ყველაზე ცხარე, როგორც წესი, გამოდის დისკუსიები თანამოქალაქეებთან იმ ჯგუფებიდან, რომლებიც ეროვნულ იდენტობას გეებისგან, იეჰოველებისგან, თურქებისგან, ირანელებისგან, არაბებისგან, სომხებისგან და სხვა «ბოროტებისგან» «იცავენ».
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დროდადრო მსგავსი დისკუსიები საკმაოდ მშვიდი გამოდის, ისტერიკისა და მასობრივი ეპილეპტიკური შეტევის გარეშე. სწორედ ასეთ შემთხვევებში ვახერხებ, ჩამოვიყალიბო დაახლოებითი წარმოდგენა მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენელთა არგუმენტაციაზე. და უნდა ვთქვა, რომ ხანდახან იგი საკმაოდ ლოგიკურადაც შეიძლება, მოგეჩვენოს – თუმცა მხოლოდ მოგეჩვენოს.
ქართველი ქსენოფობების პირველი და უმთავრესი ფობია გეებია. ძნელი გასაგებია, რატომ იწვევს ეს მესამეხარისხოვანი საკითხი ესოდენ მასშტაბურ აჟიოტაჟს და რატომ არიან მზად ჰომოფობები, მთელი ქვეყანა გაიღონ მსხვერპლად, მოუკლან საქართველოს პერსპექტივა და აქციონ ყრუ პროვინციად, ოღონდ სადმე ქუჩაში გეი აღარ დაინახონ.
ჰომოფობების მთავარი კითხვაა, «რატომ არ შეიძლება, განავითარო ეკონომიკა ისე, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები შეიზღუდოს? რა კავშირშია ეს ორი რამ ერთმანეთთან? ნუთუ არ შეიძლება ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა ისე, რომ გეები იატაკქვეშეთში ვამყოფოთ?».
და მართლაც, რატომაც არა? შეუძლებელი ხომ არ არის, თან ჰომოფობიური ქვეყანა იყო და თან აშენო მსხვილი ინდუსტრია? არსებობს კი პირდაპირი კავშირი?
არსებობს,ბატონებო! - არა სწორხაზოვანი, მაგრამ ნამდვილად არსებობს, მას «კანონის უზენაესობა» ეწოდება და სწორედ მასში მდგომარეობს დასავლური სამყაროს დღევანდელი კეთილდღეობის საიდუმლო.
ევროპასა და ამერიკაში სექსუალური უმცირესობებისადმი ტოლერანტულ დამოკიდებულებას იმიტომ კი არ იჩენენ, რომ ისინი ყველას მოსწონს, არმედ იმიტომ, რომ ყველას ესმის სიტყვა „პრეცედენტის“ მნიშვნელობა: კანონის უზენაესობა ან არის, ან არა; კანონის უზენაესობა მხოლოდ მათთვის, ვინც მომწონს – ეს უკვე შერჩევითი სამართალია და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საბჭოეთში...
დემოკრატიის ჰომოფობიური მოდელი –„ყველა მოქალაქის უფლება თანაბარია, გარდა გეებისა“ – ეს კანონის უზენაესობის დასასრულია. როგორც კი კანონში ჩნდება სიტყვა „გარდა“, – გამარჯობა, თქვენ საბჭოეტში ხართ იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს „გარდა“ ყველას თავისი აქვს: ვიღაც მომხრეა, უფლებები გეებს შეეზღუდოთ, რადგან მას ისინი არ მოსწონს; ვიღაცას სურს, ქუჩაში თავი აღარ გაჰყონ ევანგელისტებმა, რადგან «ისინი ერეტიკოსები არიან»; ვიღაც თვლის, რომ ქვეყნიდან ყველა ჩინელი უნდა გავაგდოთ, რადგან მათ წვრილი თვალები აქვთ; ვიღაცას კი სურს, დაიწყოს მისი ბიზნეს–კონკურენტების დევნა, რადგან ისინი „ტიპიური არამზადები“ არიან... რამდენი მოქალაქეცაა, იმდენივეა ეს „გარდა“.
მე, მაგალითად, 10–წლიან სასჯელს დავაწესებდი მათთვის, ვინც მანქანაში რუსულ ესტრადას რთავს, ქურდული შანსონისთვის კი - 15–წლიანს. ჰომოფობები, რა თქმა უნდა, ახლა აკივლდებიან: „რას რას ადარებ, ეს ხომ სულ სხვა საქმეაო“. სხვა საქმე თვენთვის არის, ჩემთვის კი ზუსტად იგივეა და მთავარი.
როგორც კი პანდორას ყუთს გახსნით, იქიდან მხოლოდ ის კი არ ამოხტება, რაც თქვენს გულსა და სულს ესიამოვნება, არამედ ყველაფერი დანარჩენიც. როგორც კი იწყებთ კანონის თქვენი სიმპათიებისა და გაგების მიხედვით ინტერპრეტირებას, ელოდეთ უსიამოვნებებს.
2013 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისი გავლენის ქვეშ მყოფმა ჯგუფებმა მასობრივი შეტევა განახორცუელეს იმაზე, რასაც ისინი „გარყვნილების პროპაგანდას“ უწოდებენ, რაც 17 მაისს თბილისის ცენტრში გრანდიოზულ ცემა–ტყეპაში გადაიზარდა. რა თქმა უნდა, თავად ამ თავდასხმის ფაქტი ყველამ დაგმო - ჰომოფობების ჩათვლით, თუმცა თავდასხმის ავტორების მიმართ განსაკუთრებული პრეტენზიები არ გამოთქმულა: „ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ მხოლოდ გეების წინააღმდეგ ილაშქრებენ, ისეთი რა მოხდაო?!“ – ამბობდნენ მაშინ სრულიად ნორმალური, განათლებული, თითქოს განათლებული ადამიანები.
მაშინაც შევდიოდი მათთან დისკუსიაში და ჩემი არგუმენტები მარტივი იყო: გეებზე ეს არ შეჩერდებოდა; ჰომოფობია მარტო არ დადის, ის საერთო დაავადების მხოლოდ ერთი ნაწილია; ხვალ დაიწყებენ ყველას დევნას, ვინც არ მოეწონებათ, მაგალითად უცხოელების, ან საყურიანი ბიჭების, არადა საყურე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნიშანი სულაც არ არის...
ლოგიკა იგივე იყო, რაც კანონის უზენაესობის შემთხვევაში: თუ დავუშვებთ გამონაკლისს მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიმართ, აუცილებლად გაჩნდებიან სხვებიც.
დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია: მალევე გეების კვალდაკვალ მტრების სიაში აღმოჩნდნენ უცხოელები, ყველა არამართლმადიდებელი, ყველა, ვინც სხვაგვარად გამოიყურება, «კანონიკურ ქართველთან» შედარებით, ყველა, ვინც „მასოვკას“ არ ჰგავს და დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს.
2014 წელს ანაფორიანი და უანაფორო პირების ჯგუფმა თბილისის ცენტრში ისრაელის დელეგაციის თანდასწრებით თავდასხმა განახორციელა ებრაულ სიმბოლოებზე, რომლებიც ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო გამოტანილი. ეს ადამიანები გაჰკიოდნენ: „ებრაელები ჩვენი რელიგიის მტრები არიან, მათ ჩვენი იესო მოკლესო“... არადა, ყველაფერი სულ მცირედით, გეების დევნით იწყებოდა...
სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, ვინმე ან პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, ან საპატრიარქოში მიხვდა, რომ ასეთი ცხოვრების კიდევ ერთი–ორი წელი – და საქმე მასობრივ ანარქიამდე მივა, ეს კი არცთუ სახარბიელო პერსპექტივაა ქვეყნისთვის, რომელიც სადღეისოდ სწორედ უცხოელი ტურისტების წყალობით არსებობს: ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ქსენოფობიური აქტივობა საგრძნობლად შემცირდა. რა თქმა უნდა, მთლიანობაში ეს ინსტიტუტი ჯერ კიდევ რჩება სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელად, თუმცა ესოდენ ღია ქმედებებს უკვე ერიდება.
ფასეულობა კანონის უზენაესობისა გაცილებით უფრო მაღალია ყველა იმ ჰიპოთეტიურ და უმთავრესად გამოგონილ საფრთხეზე, რომელსაც „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა“ შეიცავს. მის გარეშე ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მართლაც შეუძლებელია, თუკი, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ნავთობის კასრზე ან გაზის ბალონზე არ ზის.
კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ამ პრინციპის არარსებობის გამო საქართველო ვერ შეძლებს ეკონომიკის განვითარებასა და ფეხზე დადგომას, წინ გველის იმგვარი საფრთხეები და თავგადასავლები, რომ ამ ფონზე იმის მოყოლა, როგორ აქცევს პროპაგანდა ყველა ქართველს ჰომოსექსუალად, უბრალოდ ბავშვური ლუღლუღია...
პრობლემები იმხელა გვექნება, რომ გეები ერთხელ და სამუდამოდ დაგავიწყდებათ!
სხვათა შორის, ამაზე დავა არა მხოლოდ თანამოქალაქეებთან მიწევს, არამედ, მაგალითად, ჩრდილოთ კავკასიის მაცხოვრებლებთანაც, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ ქართველებს სექსუალური უმცირესობებისადმი, მათი აზრით, მეტისმეტი ლოიალურობის გამო. მე მათ ყოველთვის ვპასუხობ: შეიძლება, ვიძახოთ, რომ “ისინი არ გვყავს“, ხოლო თუ სადმე მოიძებნებიან, შევუტიოთ მთელი რესპუბლიკით; შეიძლება - სანამ თქვენი კეთილდღეობა კანონის უზენაესობის პრინციპზე არ გახდება დამოკიდებული, სანამ სასათბურე პირობებში იმყოფებით, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხერხვის ხარჯზეა შექმნილი, – სანამ ასეა, არაფერი გიშლით ხელს, არაფრად ჩააგდოთ კანონის უზენაესობა და ჩააკვეხონ სიტყვა „გარდა“ ყველგან, სადაც მოგესურვებათ. თუმცა სრულიად შესაძლებელია, ისტორიის წყალობით ოდესმე დამოუკიდებლობა მოიპოვოთ და აღმოჩნდეთ პირისპირ ზრდასრული ადამანების მსოფლიოსთან რუსული ბიუჯეტის, პრეფერენციების, შეღავათების, ფედერალურ იერარქიაში მსუყე ადგილების გარეშე... აი, მაშინ მოგიწევთ, ყველაფერი ნულიდან აშენოთ და კანონის უზენაესობა «გეიროპის» მავნებლურ მონაგონად კი არა, ერთადერთ და აუცილებელ გზად მოეგჩვენებათ გადარჩენისთვის...
მაშინ მოგიწევთ, ისევე, როგორც დღეს ქართველებს, უარი თქვათ ჩვევაზე, ყველგან აკვეხოთ სიტყვა „გარდა“, სადაც მოგესურვებათ. მოგიწევთ, ისევე, როგორც ჩვენ, აღიაროთ,რომ ისინი – გეები თქვენთანაც არიან, თანაც ისეთივეები, როგორც ყველგან, თანაც ისეთივე მოქალაქეები, როგორიც თქვენ...
ასეა ნათქვამი კანონსა და კონსტიტუტიაში. წერტილი.
თენგიზ აბლოთია
https://www.ekhokavkaza.com/a/29979292.html?fbclid=IwAR1y18HMO6jVEnrWjfjoZsY_JYgyhDGxp9SnAp9qiIuFbNLvv6fQEuxrv-I
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორს ეკუთვნის და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს რედაქციისას