Accentnews.ge
ოპოზიცია – ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

ოპოზიცია – ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე: ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას

06/11/2023 16:21:18 კონფლიქტები, პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, "ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას".

„რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახშია”, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

„ლელო" მიიჩნევს, რომ "ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს".

პარტიაში აცხადებენ, რომ "ახლა ხელისიფულება უნდა ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა".

"პირველ რიგში ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს. ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი და თავს გასულმა ოკუპანტმა გაბედა ყველაზე მძიმე რამ. მოკლა საქართველოს მოქალაქე.

ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებს, ახლა უნდა დგამდეს შემდეგ ნაბიჯებს:

1.ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა;

2.იყენებდეს ყველა დიპლომატიურ მექანიზმს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა გაძლიერდეს წნეხი ოკუპანტებზე, დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად;

3.დაუყოვნებლივ მიმართოს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო”, - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ "სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები".

„სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს. საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ სამძიმარს ვუცხადებთ მოკლულის ოჯახს და მთელს საქართველოს. ქართულ სახელმწიფოს ჰყავს ერთადერთი მტერი და ეს რუსეთია - ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე გვიკლავს მოქალაქეებს და ამისთვის პასუხს არ აგებს. საქართველოს მოღალატე ხელისუფლება კი გვარწმუნებს, რომ რუსეთი პრობლემას არ წარმოადგენს და მათთან ურთიერთობების დათბობითა და გაღრმავებით არის დაკავებული მაშინ, როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები წლებია ყოველგვარი მხარდაჭერისა და თვალყურის გარეშე არიან მიტოვებული. როცა, საოკუპაციო ხაზთან არ არსებობს სათვალთვალო-საკონტროლო საშუალებები და საპოლიციო პატრულირების ჯგუფები, რათა მოხდეს ამგვარი ფაქტები პრევენცია და აღკვეთა. რუსების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა საპოლიციო დანაყოფები და საკონტროლო პუნქტები, რაც საშუალებას აძლევს ოკუპანტებს, დაუბრკოლებლად იძალადონ საქართველოს მოქალაქეებზე. როცა, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ გაზრდილიყო საერთაშორისო წნეხი და რუსეთს ამ სასტიკი მკვლელობებისთვის პასუხი ეგო. როცა, სულ რამდენიმე დღის წინ, ზუსტად კირბალში ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, ოკუპანტებმა ეკლესიის კარი აჭედეს. ამაზე პასუხად კი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პრობლემა ქართული დროშის აღმართვა და არა რუსულ ოკუპაციაა. სწორედ, სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა რუსი ოკუპანტები. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას და ყველა ოკუპანტი, რომელიც იტაცებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს უმკაცრესად აგებს პასუხს. მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარი დატოვებს საქართველოს ტერიტორიის ყველა გოჯს”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა".

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S