Accentnews.ge
რა თქვა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

რა თქვა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ

06/11/2023 19:22:33 კონფლიქტები

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ერგნეთში გამართული საგანგებო შეხვედრა დასრულდა.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, "დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა იყო მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა".

„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა, პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით ანთაძემ.

მისივე თქმით, ამ დროის ინფორმაციით, კირბალთან მომხდარ ფაქტს თვითმხილველი არ ჰყოლია.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია, მაგრამ მოვლენები განვითარდა იმგვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე სწორედ ეს არის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია, ვისაუბროთ“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

იგი ამბობს, რომ მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და მიყენებული ჭრილობების შესახებ დამატებითი დეტალები სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც მან აღნიშნა, "ოქროს მოწმის" ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების დრო შესაძლოა, გაიწელოს".

"ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათლეს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს. ამ მომენტისთვის ოქროს მოწმეზე დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ ეს გახლავთ ის პიროვნება , რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის დაუყოვნებლივი დაბრუნებაც ოჯახში მოვითხოვეთ. ჩვენი მოთხოვნაა მისი დაუყოვნებლივი გადმოცემა, მაგრამ რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე შესაძლოა, ეს პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას. მე ამას არ ვამტკიცებ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს პიროვნება იყოს გადმოყვანილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს და კვლავაც დააფიქსირებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,- განაცხადა ანთაძემ.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ირწმუნება, რომ იგი თავს კარგად გრძნობს:

"საოკუპაციო რეჟიმისგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ იგი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

მისი თქმით, "ერთადერთი უკუკავშირი [საოკუპაციო რეჟიმისგან] არის ის, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან".

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა".

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.

ამავე თემაზე: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგაც თავის პოზიციაზე რჩება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S