
SJC ხელისუფლებას მოუწოდებს, "საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა"
07/11/2023 09:02:48 კონფლიქტები
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ გინტურის მკვლელობა სოფელ კირბალთან (გორის მუნიციპალიტეტი) ახლოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მისი უკანონო დაკავების მცდელობის დროს მოხდა. მედიის ცნობით, თამაზ გინტური, ლევან დოთიაშვილთან ერთად, მისი კუთვნილი ავტომანქანით, კირბალის წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდა. გასროლის ეპიზოდიც ეკლესიის ტერიტორიასთან ახლოს მოხდა. გასროლის შემდეგ რუს საოკუპაციო ძალებს დაჭრილი თამარ გინტურისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია, მათ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს არც ქართველ სამართალდამცავებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაჭრილი თამაზ გინტურის მდგომარეობა მძიმე იყო, ქართულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისვლისა და სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანის წაყვანის ნება დართეს. რუსმა სამხედროებმა ამავე პერიოდში უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი. სუს-ის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
მოსახლეობის თქმით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, მათთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა ოკუპირებულია. სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას. საოკუპაციო ძალების მხრიდან აღნიშნული სალოცავის აჭედვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მედიაში მანამდეც გავრცელდა, რაც საპატრირქოს წარმომადგენლის განცხადების შემდეგ, რომ ამ ადგილებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო და საქართველოს დროშების აღმართვისან ადამიანებს თავი უნდა შეეკავებინათ, კრიტიკული საჯარო განხილვის საგანიც გახდა.
კირბალის მოსახლეობა მედიასთან აცხადებს, რომ მათ სოფელში უსაფრთხოება დაცული არ არის. ჩვენთანაც ადგილობრივები განმარტავენ, რომ იმის გამო, რომ ამ სოფელში საოკუპაციო ხაზი ხილული არ არის, ამ სოფლიდან ხშირია საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. ამის მიუხედავად, სოფელში არ არის განთავსებული ქართული პოლიციის განყოფილება. პოლიციის პატრულირებაც სოფელში რეგულარული არ არის.
უკანონო დაკავებების და გატაცებების პრაქტიკა ამ პროცესში სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფის პრაქტიკა ოკუპაციის და განგრძობადი კონფლიქტის თანამდევი მძიმე შედეგია, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მუდმივი შიშის და საფრთხის ქვეშ ამყოფებს. განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელობას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალი რუსეთის ფედერაციას აკისრებს, რომელიც ამ რეგიონში ოკუპაციას ახორციელებს და სწორედ მისი სამხედრო ძალების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფება აღნიშნული ტერიტორია.
განგრძობადი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა ერთი საქართველოს მოქალაქის უფლება უხეშად ირღვევა. საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით მხოლოდ 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი. ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე. ამგვარ უმძიმეს შემთხვევებს მიეკუთვნება გიგა ოთხოზორიას (2016 წელი) და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები (2018 წელი).
სამწუხაროდ, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის მიზნით. ამ დრომდე, გამყოფი ხაზის სოფლებში არ ფუნქციონირებს ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების მიღების შესაძლებლობას მისცემდა.[1] აღნიშნულ სოფლებში არასაკმარისია საპოლიციო მუშაობაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს", – აცხადებს SJC.
ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებს:
- "დაიწყოს გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა;
- გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებული ლევან დოთიაშვილის დროული გათავისუფლების მიზნით;
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და არსებითად გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით.
- გააძლიეროს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე მასობრივი უფლების დარღვევის ფაქტების აღიარებისა და რუსეთზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალისხმევა შემცირებული და დასუსტებული ჩანს;
- გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები აგვისტოს ომის შემდეგ უფლების დარღვევის უმძიმესი ფაქტებზე დავისთვის და მსხვერპლების ინტერესების დაცვისთვის".
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი დააკავეს.
„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აღნიშნავდა სუს–ი გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.
6 ნოემბერს ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.