
ჯოზეფ ბორელი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს კატეგორიულად გმობს
07/11/2023 09:40:54 კონფლიქტები, პოლიტიკა
"ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ", - ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.
“რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა”, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი დააკავეს.
„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“, – აღნიშნავდა სუს–ი გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".
საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე.
6 ნოემბერს ერგნეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თბილისმა საოკუპაციო ძალების წინაშე ორი ძირითადი საკითხი დააყენა: გატაცებული ლევან დოთიაშვილის უპირობო გათავისუფლება და თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა.