
კირბალის მკვიდრები: გინტურს ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება
07/11/2023 10:33:25 კონფლიქტები, სამართალი
ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აქვს მიყენებული,– ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივებმა უამბეს. ამ დროისთვის ცხედარი ოჯახშია გადასვენებული. მანამდე მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ადგილობრივებისვე ცნობით, გინტურის მანქანა დაცხრილულია, თავად გინტურს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, რაც ადასტურებს ვერსიას, რომ მას და ლევან დოთიაშვილს ცეცხლი გამოქცევის მცდელობისას გაუხსნეს.
ამასთან, ადგილობრივები ყვებიან, რომ ოკუპანტებმა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ერთი მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრეს, ტელეფონი მის თანმხლებ ლევან დოიაშვილს მისცეს და 112–ზე დაარეკინეს სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით. ადგილზე მისულ ჯგუფს მძიმე სურათი დახვდა – დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იმ დროისთვის დოთიაშვილი უკვე გატაცებული იყო.
ამჟამად სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიის ქვედა პერიმეტრთან დგას გინტურის ავტომობილი.
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვალერი თელია ამბობს, რომ სუს–ის ანალიტიკური დეპარტამენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს ოსურ მხარესთან, რათა შემთხვევის ადგილზე ქართველი სამართალდამცველების დაშვება მოხდეს.
მკვლელობის შესახებ ცნობილი 6 ნოემბერს გახდა. არსებული ინფორმაციით, გინტური და დოთიაშვილი სალოცავზე იყვნენ ასულები სანთლების დასანთებად, რა დროსაც ოკუპანტებმა სცადეს მათი დაკავება. ამჟამად დოთიაშვილი – მკვლელობის მოწმე გატაცებულია. სუს–ი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებს ტყვეობიდან მის გამოსახსნელად.