
გიგა ოთხოზორიას დედა – თამაზ გინტურის მკვლელობაზე: "სიტყვებიც არ მყოფნის გამოვხატო ის, რასაც ახლა ამ ოჯახის მიმართ განვიცდი"
07/11/2023 12:12:24 კონფლიქტები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან 58 წლის თამაზ გინტურის მკვლელობამ 2016 წლის 19 მაისი გაახსენა აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედას ჯულიეტა ჭანტურიას.
„უდიდესი ტკივილი გამახსენა. არ ვიცი, როგორ ვთქვა. სიტყვებიც არ მყოფნის გამოვხატო ის, რასაც ახლა იმ ოჯახის მიმართ განვიცდი“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
იგი თამაზ გინტურის ოჯახს უთანაგრძნობს და ამბობს, რომ კარგად ესმის ტკივილი და ბრაზი, რომელსც საკუთარ მიწაზე ოკუპანტების მიერ მოკლულის ოჯახი განიცდის.
გიგა ოთხოზორიას დედა აცხადებს, რომ მისთვის გამაოგნებელია, რომ დღეს საქართველოში არიან რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები:
„მახრჩობს ბოღმაც, რომ ოკუპანტი ხალხის მოქმედებაში ჩვენს სასარგებლოს კიდევ ვიღაც ხედავს და მათ სამსახურში დგანან“.
ჯულიეტა ჭანტურია მიიჩნევს, რომ "საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა სულ უფრო უარესდება":
„საკუთარ მიწაზე ადამიანი გადაადგილდება, საკუთარ სამლოცველოში მიდის და უკან დაბრუნებულს ტყვიით ცხრილავენ. როგორ შეიძლება რაიმე სასიკეთოდ შეცვლილად ჩავთვალო?! რა ტკივილი მიაყენეს ოჯახს?! რისთვის და რატომ?! ეს კითხვები ეკუთვნის იმ ხალხს, ვისაც ხელეწიფება გადაწყვიტოს ეს საკითხი ისე, როგორც სახელმწიფოს შეეფერება და როგორც სახელმწიფო უნდა აგვარებდეს თავისი ხალხის ცხოვრების საკითხებს...“
გოგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის დღემდე არავინ დასჯილა.
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს მოკლეს ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან. გიგა ოთხოზორიას მცდელობა, ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტი გაეგზავნა, აფხაზ „მესაზღვრეებთან" შელაპარაკებაში გადაიზარდა. სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის გამო, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავდა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა "მტკიცებულებების არარსებობის" საბაბით მალევე შეწყვიტა.
საქართველოს ხელისუფლება დღემდე უშედეგოდ ეძებს გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ყოფილ თანამშრომელს რაშიდ კანჯი-ოღლის. მას საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე, სასამართლომ 2017 წელს 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზურ მხარეს და რუსეთის საოკუპაციო ძალებს კანჯი-ოღლის გადაცემა არაერთხელ, უშედეგოდ მოსთხოვა. მსჯავრდებული უშედეგოდ იძებნება "ინტერპოლითაც". გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯის მოთხოვნას ქართული მხარე მუდმივად, თუმცა დღემდე უშედეგოდ აყენებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ყველა რაუნდზეც.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს სტრასბურგის სასამართლოც განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ იცავენ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2018 წლის იანვარში შევიდა. საჩივარში ნათქვამია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.