
კრემლს ოკუპანტების მიერ საქართველოს მშიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია "არ ჰქონია"
07/11/2023 15:02:36 კონფლიქტები
კრემლს რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მშიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია "არ ჰქონია".
"არა, მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო უშიშროება ირწმუნება, რომ საქართველოს მოქალაქეები "ნასვამ მდგომარებაში ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს, მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც უგულებელჰყვეს, რის შემდეგაც მესაზღვრეები იძულებულნი გახდნენ, მათ შესაჩერებლად ცეცხლი გაეხსნათ".
ამასთან, ცხინვალში აცხადებენ, რომ "სასაზღვრო ზოლში ვითარება მთლიანობაში, სტაბილური რჩება".
6 ნოემბერს ოკუპანტებმა კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. გინტურს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ზურგის არეში აღენიშნება. დაცხრილულია მისი მანქანაც.