
"საქართველოდან აფხაზეთში დივერსიული ჯგუფის შეღწევის" შესახებ ინფორმაცია კრემლის ფეიქი აღმოჩნდა
08/11/2023 22:01:28 კონფლიქტები
ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში "სოხუმის აეროპორტის წინაღმდეგ ტერაქტის მოწყობის მიზნით დივერსიული ჯგუფის გადასვლის" შესახებ კრემლის მორიგი ფეიქი აღმოჩნდა.
აფხაზურ საინფორმაციო პორტალ "აიაშარას" ცნობით, ეს ინფორმაცია, რომელიც 8 ნოემბერს თავის იუთუბ-არხზე ჯერ კრემლის პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა "აიტაცა", საბოოო ჯამში, არ დადასტურდა.
"ინფორმაცია ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფის შემოღწევის შესახებ გადამოწმდა და ამ მომენტისთვის არ დასტურდება" - განაცხადეს, სააგენტოს ინფორმაციით, დე ფაქტო შს სამინისტროში.
მანამდე იგივე დე ფაქტო უწყება ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს "ნიღბიანი და ჩაფხუტიანი პირების 7-კაციანი ჯგუფი, რომელიც უცხოური წარმოების იარაღით კარგად იყო აღჭურვილი, მწყემსებმა გულრიფშის რაიონში, სოფელ აზანთასთან შენიშნეს". 8 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "სოხუმის ყველა მისადგომი გადაკეტილი იყო, აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურში შეიქმნა სპეციალური ოპერატიული შტაბი ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუმბას ხელმძღვანელებით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები და სამხედროები კი დივერსიული ჯგუფის აღმოჩენის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლებს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ".
საგულისხმოა, რომ სოლოვიოვის ფეიქი გავრცელდა სწორედ 8 ნოემბერს - ევროკომისიის მიერ საქართველოსვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის დღეს და ამადროულად, ორიოდ დღეში მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კირბალში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.