
სოხუმის მტკიცებით, ვითომდა ქართული დივერსიული ჯგუფის ძებნაში ავიაცია ჩაერთო
09/11/2023 12:21:20 კონფლიქტები
აფხაზური მედიის მტკიცებით, ვითომდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ რეგიონში გადასული დივერსიული ჯგუფის ძებნაში ავიაციაც ჩაერთო.
"გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთას ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფის გამოჩენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ადგილზე ვითარების გადასამოწმებლად მაშინვე გაემართნენ ჩვენი სამართალდამცველები. ძებნა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, საქმეში ჩაერთვნენ სამხედროები და ავიაციაც" - განუცხადა სააგენტო «Апсны.Иахьа»-ს დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალოვანებმა ამ დრომდე ვერაფერს მიაკვლიეს.
განცხადება გააკეთა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამაც. როგორც მან რუსულ სააგენტო ТАСС-ს განუცხადა, "გრძელდება კოორდინირებული მუშაობა იმ უწყებებს შორის, რომლებიც მოწოდეულები არიან, უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავონ, აფხაზეთის შეიარაღებული ძალები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მსახურს, ამასთან, მიღებულია ყველა საჭირო ზომა".
ინფორმაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში "სოხუმის აეროპორტის წინაღმდეგ ტერაქტის მოწყობის მიზნით დივერსიული ჯგუფის გადასვლის" შესახებ 8 ნოემბერს თავდაპირველად თავის იუთუბ-არხზე კრემლის პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით იგი აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა "აიტაცა". როგორც ამ უკანასკნელმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, "მიღებული ინფორმაციის თანახმად, მწყემსებმა გულრიფშის რაიონში, სოფელ აზანთასთან შენიშნეს ნიღბიანი და ჩაფხუტიანი პირების 7-კაციანი ჯგუფი ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, რომელიც უცხოური წარმოების იარაღით კარგად იყო აღჭურვილი". მისივე თქმით, "სოხუმის ყველა მისადგომი გადაკეტილი იყო, აფხაზეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურში შეიქმნა სპეციალური ოპერატიული შტაბი ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუმბას ხელმძღვანელებით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები და სამხედროები კი დივერსიული ჯგუფის აღმოჩენის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლებს საგულდაგულოდ ამოწმებდნენ".
საგულისხმოა, რომ სოლოვიოვის ინფორმაცია გავრცელდა სწორედ 8 ნოემბერს - ევროკომისიის მიერ საქართველოსვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის გაცემის დღეს და ამადროულად, ორიოდ დღეში მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა კირბალში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს.