
შსს რუსეთის მოქალაქის გაუჩინარებას იძიებს, რომელიც კირბალში ნახეს
09/11/2023 12:54:00 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, რ.შ.-ს შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. საუბარია რაფაილ შეპელევზე, მოძრაობა „არტპოდგოტოვკას“ წევრზე, რომლის საქართველოდან გაუჩინარების შესახებაც მანამდე უფლებადამცველი პროექტი "Первый отдел" იუწყებოდა.
როგორც შსს–ში აცხადებენ, შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.
"გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ",– აცხადებენ შსს–ში.
მანამდე "Первый отдел" იუწყებოდა, რომ რაფაელ შეპელევი თბილისში, მთაწმინდაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 12 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. მისი პირადი ნივთები სახლში დარჩა.
აქტივისტის გარემოცვის ინფორმაციით, შეპელევი თბილისში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.
13 ოქტომბერს, აქტივისტის გაუჩინარების მეორე დღეს, ცნობილი გახდა, რომ ვლადიკავკაზის ადგილობრივმა სასამართლომ რაფაელ შეპელევი წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ. ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მოგვიანებით კი ტერორიზმის ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
შსს–ს მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე "მთავარი არხი" წერდა, რომ აქტივისტი სავარაუდოდ, კირბალიდან წაიყვანეს.
"მთავარი არხის" ცნობით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის ჯერ სოფლის სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ ლომისას ტაძარში ასვლა მოისურვა. სოფელში კაცს ტაქსის მძღოლი ელოდებოდა, მაგრამ ვიდაიდან მგზავრი არ გამოჩნდა, მან სოფელი დატოვა.
"მთავარ არხს" რამდენიმე ადგილობრივი ეუბნება, რომ დაინახეს, როგორ წაიყვანეს შეპელევი ტაძრიდან მათთვის გაურკვეველი მიმართულებით",– იუწყება არხი.
"ტაქსის მძღოლმა მოიყვანა ვიღაცა რუსი ფოტოგრაფი, აიყვანა იქ სასაფლაოებზე, სურათები გადაიღო. მერე უთხრა, რომ მე იქ ლომისაში ავალ - დამელოდეო. 4 საათი ელოდებოდა მძღოლი, მერე მენახირეებმა ნახესო, მოვიდნენ იქიდან ვიღაცებიო და წაიყვანეს ის ფოტოგრაფიო, აღარ ჩამოვიდა აქ", - ციტირებს "მთავარ არხი" ადგილობრივს.