
კრემლი გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს
09/11/2023 13:34:17 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ოკუპანტების მიერ კირბალში საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაზე ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილოა.
ზახაროვა ამბობს, რომ "რუსეთი ევროკავშირის ამგვარი პოზიციით გაკვირვებულია," რადგან ისინი "ოსური მხარის მიერ მოყვანილი ფაქტების" იგნორირებას ახდენენ.
"ჩვენ გაკვირვებულები ვართ ევროკავშირის პოზიციით; მათ იგნორირება გაუკეთეს ოსური მხარის მიერ მოყვანილ აშკარა ფაქტებს და დეტალურ განმარტებებს. ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ ბრიუსელი ცდილობს მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადააბრალოს. ეს არის პოლიტიზებული და ცალმხრივი, ყალბი შეფასებები," - ამბობს ზახაროვა.
რეალურად ოსურ მხარეს არანაირი „დეტალური განმარტებები“ არ წარმოუდგენია. მათ მკვლელობიდან რამდენიმე საათში მტკიცებულებების გარეშე შემოგვთავაზეს ვერსია, რომ თამაზ გინტურმა და ლევან დოთიაშვილმა ოკუპანტებს, რომლებმაც საქართველოს ეს ორი მოქალაქე ლომისას ტაძართან დააფიქსირეს, დაკავების მცდელობისას წინააღმდეგობა გაუწიეს, „გამოიყენეს ნაჯახიც“ და „საფრთხე შეუქმნეს“ მათ სიცოცხლეს. საუბარია, დაახლოებით ცხრა სამხედროზე, როგორც ეს ადგილობრივებმა დააფიქსირეს. ამრიგად, გვთავაზობენ ვერსიას, თითქოს ოკუპანტები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. აქ ხაზგასასმელია, რომ გინტურს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურგის არეში აღენიშნება, რაც ადასტურებს ვერსიას, რომ მას ტერიტორიის დატოვებისას ზურგიდან ესროლეს. დაცხრილულია მისი ავტომანქანაც, რომელზეც წვდომის შესაძლებლობა ქართველ სამართალდამცველებს მხოლოდ 8 ნოემბერს მიეცათ. სატრანსპორტო საშუალებას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.
მკვლელობა კირბალში 6 ნოემბერს მოხდა. მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი, რომელიც მკვლელობის უშუალო მოწმეა, ამჟამად გატაცებულია.
გინტური ყოფილი სამხედრო და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მონაწილე იყო.
მას 11 ნოემბერს კირბალში, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
იხილეთ ასევე: "ინფორმაცია ხელში ჩაუვარდათ" - კოკოითი გინტურის ოჯახის ინფორმაციას ფაქტობრივად, ადასტურებს