13-11-2023 20:53:54 პოლიტიკა
მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არ გეგმავს ბარიერის დაწევას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, არადა მსგავსი ცვლილებების განხორციელების პირობა სახელისუფლებო პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დადო. კერძოდ, მან თქვა, რომ თუ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დაწევაზე იზრუნებდა. 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა რიგი დათქმებით (მათ შორისაა აქამდე შეუსრულებელი და ახალი პირობები). უკვე 12 ნოემბერს საქართველოს ერთპარტიული მმართველობიდან გამოსვლის საჭიროების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა Radio France Internationale–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც, საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად:
"მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში".
მაგრამ მმართველ გუნდში სხვაგვარად ფიქრობენ.
"ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად უსუსურია ჩვენი ოპოზიცია. მათ ჰქონდათ შანსი, „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის პატარა პარტიებს მისცა შანსი 0%-იანი ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, გაძლიერებულიყვნენ და ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი ინდივიდუალური დღის წესრიგი და ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ, ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ...
არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის კიდევ ერთი წევრი მმართველი პარტიიდან ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აქტიურობა ბარიერის დაწევაზე მათ მდგომარეობაზე მიუთითებს:
"ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ".
სწორედ დანაპირები გაიხსენა დღეს „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა:
"ბარიერზე ხვეწნას არ დავუწყებ, მაგრამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ არის უპირო და გადამგდები - ჩვენნაირი ხალხი არ უნდათ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ იდეალური ოპონენტია".
ოპოზიციური პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი მიზანი არა ბარიერის გადალახვა, არამედ ხელისუფლების შეცვლაა:
"ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე - სიტყვის გატეხა, პირობის გატეხა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს".
პოლიტიკური უსინდოსობა უწოდა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა მმართველი გუნდის პოზიციას. ის დარწმუნებულია, რომ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა, ხოლო "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ისტორიულად მინიმალური რეიტინგის კომპლექსი აქვთ:
"პაპუაშვილს და "ქართული ოცნების" არაერთ წარმომადგენელს განსაკუთრებით "ბოსებიდან", გაუჩნდა ისტორიულად მინიმალური რეიტინგის კომპლექსი, რომელიც აქვთ შიდა კვლევების შესაბამისად. ისინი გამოაქვეყნებენ რეიტინგებს, ჩვენ ეს შეიძლება მალე ვნახოთ და ახლა ამის გადასაფარად ისინი ამზადებენ საფუძველს. რაც შეეხება ბარიერს, ჩვენს გუნდს მისი გადალახვის პრობლემა არ აქვს და ჩვენ ამას ვაკვირდებით არაერთ მიკერძოებულ, არა მიკერძოებულ შიდა თუ გარე შეფასებებში და ამის მთავარი გარანტი არის საზოგადოების ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს და თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენს მიერ მიღწეული შედეგები მათ შორის. ამ მოცემულობაში ეს კითხვა, როგორ გადალახავთ ბარიერს ჩვენ არ მოგვერთმევა. ჩვენი მთავარი საარჩევნო ამოცანა არის, რომ რადიკალურ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას და ოპოზიციაში მყოფ რადიკალურ ნაწილს „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიეცეს ჯამში თავიანთი კარგად გამოცდილი და აპრობირებული კოალიციების შექმნის საშუალება და ამიტომ ორივე უნდა დარჩეს 50 პროცენტის ქვეშ. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია ყველა დანარჩენი, დემოკრატიული და პროდასავლური ფასეულობების მქონე პარტიამ იმუშაოს გამსხვილებაზე და მოგვეხმაროს ამ ამოცანის გადაჭრაში. ეს არის მთავარი საარჩევნო ფორმულა, ეს არის გასაღები, რომლის გამოყენებაზეც ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - განაცხადა ლილუაშვილმა და დასძინა, რომ თუ "ოცნება" ბარიერს არ დაწევს, სხვა პარტიებს მოუწევთ მეტი ძალისხმევა, რომ გაუნაწილებელი მანდატები არ დარჩეს.
მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, 5-პროცენტიანი ბარიერით. სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ 5%–იანი ბარიერიცაა ოპოზიციური, განსაკუთრებით მცირე პარტიების გამოწვევა და პასუხისმგებლობაც, არ „დაიკარგოს“ საარჩევნო ხმები, რომელთაც ჯამურ სურათში შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშონ.
ინფორმაციისთვის: როდესაც სუბიექტები ვერ ლახავს საარჩევნო ზღურბლს, მისი ხმები პარლამენტში შესულ პოლიტიკურ ძალებს შორის ნაწილდება მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. სწორედ ამას უწოდებენ „დაკარგულ ხმებს“. მაგალითად, თუ ზღურბლს მხოლოდ ორი სუბიექტი გადალახავს „დაკარგული ხმების“ დიდ ნაწილს პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს და შესაძლოა, ერთპარტიულადაც შეძლოს მთავრობის ფორმირება, რისთვისაც მინიმუმ 76 სადეპუტატო მანდატია საჭირო.
იხილეთ ასევე: „გულწრფელობის დროა“: პოლიტიკური გადაჯგუფება და გამოწვევები