«სისტემა დასაშლელია და ეს შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი იყოს»

18-12-2019 19:29:55 პოლიტიკა ,თვალსაზრისი ,საშინაო პოლიტიკა ,ინტერვიუ

რა გეგმა აქვს ოპოზიციურ გაერთიანებას იმ პირობებში, როცა ხელისუფლების ქმედებების მიმართ დასავლელი პარტნიორების ტონალობის გამწვავების მიუხედავად, არ ჩანს ნიშნები იმისა, რომ მმართველი გუნდი დათმობაზეა წამსვლელი? რა პრობლემებია თავად ოპოზიციაში და რა სახის მექანიზმებია შესამუშავებელი, რათა არსებული პრობლემები მოსახლეობისთვის უფრო მკაფიოდ აღქმადად იქცეს? - ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტი“ „გირჩის“ ერთ–ერთ ლიდერ ზურა ჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბოლო პერიოდში საქართველოსხელისუფლების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული განცხადებები გვესმის, სახეზეა საერთაშორისო მედიის ყურადღებაც საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, თუმცა ამ ყველაფერს მმართველი გუნდის პოზიციაზე გავლენა არ მოუხდენია. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა სახის ენაზე საუბარი, თუ ძალისხმევაა საჭირო იმ შედეგის მისაღებად, რომლისკენაც სამოქალაქო საზოგადოების ქუჩაში გასული ნაწილი და ოპოზიცია ისწრაფვიან?

- ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაფიქსირება ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევიან და პოლიტიკური ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში ამ ქვეყნის მოქალაქეების მისაღწევია, მაგრამ პარტნიორების პრინციპულ პოზიციას აქ მნიშვნელობა და ფასი აქვს. უბრალოდ ასეთი ტიპის განცხადებები მოქმედებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომლისთვისაც ამას რაიმე სახის ღირებულება გააჩნია, რადგან მართლაც სურს დასავლური ტიპის ქვეყნის მშენებლობა, ჩვენ კი, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელმაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ნათლად დაადასტურა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი დიდად არ აღელვებს. ლამის არის ყველანი - ჟურნალისტი, გაზეთი თუ პოლიტიკოსი, ვინც კი დასავლეთში ხმას ამოიღებს, „ნაციონალებად“ გამოაცხადონ.

რაც შეეხება იმას, თუ რა არის კიდევ გასაკეთებელი, „გირჩმა“ ორპუნქტიანი გეგმა წარმოვადგინეთ: გარდა იმისა, რომ არსებობს საკონსულტაციო ფორმატი, რომელშიც ერთი იდეის გარშემო სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები არიან გაერთიანებული, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ გაერთიანებას, გარდა პროპორციული სისტემით არჩევნების მოთხოვნისა, პოზიტიური დღის წესრიგიც ჰქონდეს. პროპორციული სისტემით არჩევნები ყველაფერს ვერ უშველის, უბრალოდ მოქალაქეების პოლიტიკური გემოვნების საკანონმდებლო ორგანოში ასახვა უფრო სამართლიანად მოხდება. ეს არ არის პანაცეა ქვეყანაში არსებული პრობლემებისგან. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, გაგვაჩნდეს პოზიტიური დღის წესრიგი - „ვეცდებით, ქვეყანა გახდეს ასეთი“. ვფიქრობ, პოლიტიკურ პარტიებთან ძალიან რთული იქნება შეთანხმება, მაგალითად, იმაზე, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ არის ის, რაზეც შეთანხმება შეიძლება: ქვეყანაში ძალადობრივი სისტემა დასაშლელია. ასეთი დაკვეთა ჯერ კიდევ 2012 წელს არსებობდა და სამწუხაროდ, შესრულებული ამ დრომდე არ არის. ეს სისტემა დასაშლელია და ეს შესაძლოა, პოლიტიკური პარტიების გამაერთიანებელი იყოს.

- უკვე დაიწყეთ კონსულტაციები ამ მიმართულებით?

- გვაქვს მიმდინარე კონსულტაციები, რიგი პოლიტიკური ლიდერები გვეთანხმებიან, რომ ეს არის სწორი.

ჩვენ სისტემის დაშლის კონკრეტულ გზასაც ვთავაზობთ: რაიონის პოლიციის უფროსების, პროკურორებისა და მოსამართლეების თანამდებობები უნდა გახდეს არჩევითი, რათა ისინი ანგარიშვალდებულები იყვნენ საკუთარ ხალხთან და არ იყვნენ დამოკიდებული უფროსებზე, ვეღარ იყონ ვერანაირი კლანის წევრები და მეტ-ნაკლებად ჩამოსცილდნენ პოლიტიკურ გავლენებს.

- ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრები, რომელიც დიპლომატების ჩართულობით იმართება, უკვე სამ უშედეგო რაუნდს ითვლის. იქნება მეოთხეც, თუმცა დიდი მოლოდინი არც მასთან დაკავშირებით არსებობს. ამასთან, გამოითქვა შიშები, რომ ამ პროცესში დრო ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, რადგან მისი ინტერესი იყო, პროცესები ახალ წლამდე „მიეთრია“, შემდეგ მოდის იანვარი – „მკვდარი“ თვე, ცივი თებერვალი, ხოლო შემდეგ უკვე არჩევნებიც ახლოვდება. როგორ ფიქრობთ, ამ შიშებს საფუძველი აქვს?

- გულწრფელი რომ ვიყო, ამ სკეპტიციზმს ვიზიარებ: ფორმატი ევროკავშირისა და აშშ–ის საელჩოების მოდერაციით მიმდინარეობს, ეს ხალხი წავა საშობაო არდადეგებზე – ტრადიციულად მიდიან და ეს იცის ხელისუფლებამაც. 20 დეკემბერს ბოლო რაუნდი გაიმართება. მგონია, რომ როგორც წინა შეხვედრებზე, ამ ჯერზეც არაფერს მოიტანენ და ისევ ეცდებიან, დრო გაწელონ. მინიმუმ, 20 იანვრამდე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიძინებული იქნება, თუ „ოცნების“ რომელიმე დეპუტატი კიდევ არ გამოხტა და რამე სიგიჟე არ თქვა. ამის შემდეგ რჩება პატარა «ფანჯარა» – გაზაფხული, როდესაც ოპოზიციამ შეიძლება, საპროტესტო მუხტი ასწიოს და აიძულოს ხელისუფლება, წამოვიდეს დათმობაზე. თუმცა სკეპტიკური ვარ, რადგან «ფანჯარა» პატარაა, ხოლო შემდეგ, ზაფხულში აქტიურობას დიდი აზრი არ აქვს - არჩევნები ისედაც მოდის...

მაგრამ ამ პროცესის შედეგი მინიმუმ, იმის წარმოჩენა მაინც იქნება, რომ ხელისუფლება არის არაკონსტრუქციული, ის არ წავიდა დათმობაზე და ამას, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაინახავენ. მაგრამ აქ ისევ ის საკითხი დგება, რამდენად აინტერესებს ეს აზრი ჩვენს ხელისუფლებას.

- და შემდეგ ისევ ქუჩის პროტესტი?

- დიახ. ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არის მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. უბრალოდ ამ პროტესტს მეტი ხალხი სჭირდება. ოპოზიციას გასააზრებელი აქვს, რატომ არ გამოდის ბევრი ხალხი და აქ სირაქლემას პოზაში ჩადგომა, თვალის დახუჭვა არ გამოვა. შიშია, ნიჰილიზმი თუ სხვა რამ - ეს გასანეიტრალებელია. და ამის წამალია, მათ შორის, ის, რასაც «გირჩი» ვთავაზობთ: ადამიანებს უნდა მოეხსნათ შიში, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ძალოვანი უწყებები ისევ რომელიმე პოლიტიკური გუნდის ხელში აღმოჩნდებიან. ის, რომ ეს ასე არ მოხდება, ნათლად და დამაჯერებლად არის სათქმელი ყველასგან, განსაკუთრებით -„ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან. მეორე – ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ არჩევნების შემდეგ მათთვის რაღაც პოზიტიური მოხდება და ეს პოზიტივი, უპირველესად, მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გადის. სათქმელია, როგორ ამოვიდეთ სიღარიბიდან სწრაფად. ფორმულები ბევრი გვაქვს, მათ შორის - ადამიანები გავხადოთ ქონების მესაკუთრეები. თუ ვინმე უფრო სწრაფს მოიფიქრებს, გავიაზროთ და ეგ ვუთხრათ ადამიანებს. მგონია, რომ თუ ადამიანებს ამ შიშს და ნიჰილიზმს მოვუხსნით, მეტნი გამოვლენ.

- ხელისუფლება ითვლის ქუჩაში გასული მოქალაქეების თავებს. თქვენც ბრძანეთ, ოპოზიციასაც გასააზრებელი აქვს ბევრი რამო. ახსენეთ შიშებიც. ალბათ, კოლეგებთანაც გაქვთ ამ თემაზე საუბარი. რა პოზიცია აქვთ მათ? თქვენი დაკვირვებით, გადააზრების პროცესი დაწყებულია?

- ამ თემებზე პროაქტიურად „გირჩი“ ლაპარაკობს და როგორც გითხარით, არიან პარტიები, რომლებთანაც საერთო ენა მეტ–ნაკლებად ვიპოვეთ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ადგილობრივ ლიდერებთან მქონდა საუბარი და თითქოს ამაზე თანხმდებიან, ესმით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი. მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი ფაქტორი პრეზიდენტი სააკაშვილია და მან ერთ–ერთ ეთერში ისეთი სურათი დახატა, თითქოს სამინისტროების ხელში ჩაგდება „გირჩს“ უნდა, გაამრუდა ჩვენი გზავნილი. არადა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საერთოდ პოლიტიკური კონტროლიდან გავიდეს ეს სისტემა და აღარ იყოს მონსტრი, რაც საბჭოთა კავშირიდან მოგვდევს. მეორე პასუხი კი იყო, მაგას „პროპორციული არჩევნები გადაწყვეტსო“. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეეჯახა სისტემას და ამ სისტემამ ის დაჩაგრა, აღიქმებოდა ისე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს ძალაუფლების ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ უნდა. ვფიქრობ, ეს უწყობს ხელს, ბიძინა ივანიშვილი რაც შეიძლება, დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში: თუ რამე კოზირი აქვს დღეს ივანიშვილს, ესაა ფული და „ნაციონალური მოძრაობისგან“ შექმნილი საფრთხობელა. როდესაც შენ არ უწყობ ხელს, რომ ეს საფრთხობელა განეიტრალდეს, მგონია, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობ.

ჩვენ ვმუშაობთ: ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან, ვეძებთ ფორმულებს და გზებს. მე თუ დავიჯერე, რომ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ „გირჩის“ მხარდამჭერებსაც, რომლებიც ძალიან «ჭრელი» ჯგუფია, დავარწმუნებ იგივეში. და თუ ისინიც დაიჯერებენ, რომ პოლიტიკური ლიდერები არ „გადააგდებენ“, მხოლოდ მაშინ გამოვა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაშვება.

- 20 დეკემბრის შეხვედრის მიმართ სკეპტიკურად ხართ განწყობილი და არც უახლოეს პერიოდში ელით სიახლეებს. ანუ, განიხილება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში შერეული სისტემის პირობებში მიიღოთ მონაწილეობა?

- ამ ეტაპზე დეტალურად ეს საკითხი არ განხილულა. უბრალოდ ვერსიად განიხილება, რომ მიმდინარე პროცესის შედეგად ივანიშვილი შეიძლება, არანაირ დათმობაზე არ წავიდეს, დაზარალდეს პოლიტიკურად, მაგრამ დადგეს მოცემულობა, რომ ისევ მოგვიწიოს შერეული სისტემით არჩევნები. უბრალოდ იყო საუბარი რაღაც ტიპის კოორდინაციაზე ოპოზიციურ პარტიებს შორის.

- თუ ამ პროტესტს, რომელიც იდეაში, შედეგზეა ორიონტირებული, შედეგი არ აქვს, მაშინ რა აზრი აქვს?

- პატარა შანსი ხომ არის, რომ აქედან რაღაც გამოვიდეს? მეორე – მოლაპარაკებების ამ პროცესში მინიმუმ, ის შედეგი მიიღწევა, რომ დასავლელი პარტნიორები, თუ ვინმეს კიდევ რაღაც კითხვის ნიშნები ჰქონდა ივანიშვილთან მიმართებაში- დემოკრატია თუ რა, დარწმუნდნენ, რომ ეს ადამიანი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს და მათი შეფასებები ამ ადამიანს უბრალოდ ფეხებზე ჰკიდია. ამდენად, ის ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში დაზარალდება და ჩვენს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მიისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო–სკენ, პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობენ პარტნიორები მის ხელისუფლებაზე. ამდენად, ეს შეფასებები, მათ შორის, არჩევნებზეც აისახება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ღირებული პროცესია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები