
გინტურის მკვლელობის შემდეგ მოსკოვი "საქართველოსთან მუშაობის" აუცილებლობაზე საუბრობს
15/11/2023 07:08:46 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა საოკუპაციო ხაზთან "ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად". საუბარია კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაზე.
"საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში", - განაცხადა მიხეილ გალუზინმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ.
ლავროვის უწყება აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი:
"მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკირებით".
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადება:
„დადასტურდა ზოგადი ვალდებულება, გაგრძელდეს შემდგომი კონსტრუქციული მუშაობა ამ მოლაპარაკების ფორმატში, რომელიც მასტაბილიზებელ გავლენას ახდენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გალუზინის გარდა ესწრებოდნენ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოსანუ, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეები სამხრეთ კავკასიაში და გაეროს წარმომადგენელი.
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.