
ოკუპირებული ცხინვალი ქართულ ბაზარზე საწვავის კონტრაბანდის შესახებ საუბრობს
15/11/2023 07:55:05 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახური იტყობინება რეგიონის ოთხი მკვიდრის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც "დაკავებულნი იყვნენ" დიდი მოცულობის საწვავის და საპოხი მასალის დანარჩენ საქართველოში "გადატუმბვით".
როგორც იუწყებიან, 14-15 ნოემბრის ღამეს დაკავებულებმა „დაახლოებით 50 ტონა საწვავი გადატუმბეს".
ამტკიცებენ, რომ "კონტრაბანდისტებმა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში შექმნეს საწვავის საიდუმლო მიმღები და სატუმბი წერტილი“.
"მოცემულ მომენტში ისინი გამოძიებას აღიარებით ჩვენებებს აძლევენ",– ირწმუნება დე ფაქტო უწყება და დასძენს, რომ მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო შემოწმება, რის შედეგადაც მიიღება საპროცესო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
ცხინვალში აცხადებენ, რომ ქართულ მხარეს შეეძლო საწვავის და საპოხი მასალების გამოყენება „სამხედრო მიზნებისთვის“ და მიუთითებს მათ „მნიშვნელოვან დეფიციტზე საქართველოს საწვავის ბაზარზე“.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ „კონტრაბანდისტების ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის განეიტრალების ღონისძიებები“ განხორციელდა "სამხრეთ ოსეთის ლიდერის ალან გაგლოევის სანქციით რუსეთის FSB-ის სასაზღვრო დეპარტამენტთან თანამშრომლობით“.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ "ჩვენ გვაქვს საქმე სავარაუდო მორიგ დანაშაულთან, რომელსაც მფარველობს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება".
"დადასტურდა, რომ არსებობს მთელი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოიყენებოდა იმისთვის, რომ საქართველოში შემოსულიყო კონტრაბანდული საწვავი. ცხადია, რომ ასეთი სქემის არსებობა ხელისუფლების მონაწილეობის და ინფორმირების გარეშე შეუძლებელი არის, ამიტომაც ჩვენ გვაქვს საქმე სავარაუდო მორიგ დანაშაულთან, რომელსაც მფარველობს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემოსულ კონტრაბანდულ საწვავს უყურებს ისე, რომ თავადაც მდიდრდება ამ პროცესიდან", აცხადებს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოზიციას, მმართველი პარტიის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტრაბანდის მხრივ სიტუაცია უკონტროლოა":
"ტვირთების გადაზიდვის მხრივ, კონტრაბანდის მხრივ სიტუაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონში არის უკონტროლო. თუ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არსებობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების გვერდის ავლა ხდება, ჩვენი მოთხოვნაც ეგ არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო ძალისხმევა იყოს კიდევ უფრო მეტად მობილიზებული".
"ქართული ოცნების" ერთ –ერთ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია სიმართლის გარკვევა:
"ჯერ მხოლოდ გვაქვს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადება, გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს სხვა დროს არ ვენდობით ხოლმე არც ჩვენ და არც თქვენ. ახლა ამიტომ, ჯერ გავარკვიოთ რა მოხდა სინამდვილეში და შემდეგ გავაკეთოთ კომენტარი".