
თამაზ გინტურის ძმა: "ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, მანქანა გადმოყვანილია სამხარეოს ეზოში"
15/11/2023 14:34:25 კონფლიქტები, სამართალი
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გამოკითხეს. როგორც ნიკოლოზ გინტურმა აღნიშნა, მას გამოძიება რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდა კითხვებს სად და ვისთან ერთად იყო მისი ძმა მკვლელობის დღეს.
"გამოძიება მეკითხებოდა სად იყო, როგორ იყო, ვისთან იყო, ვის გვერდზე იყო, რა კადრები გაჟღერდა. ყველამ იცით, ეკლესიაში რომ მივიდა, წამოვიდა და ჩაცხრილეს. ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, მანქანა გადმოყვანილია სამხარეოს ეზოში და რომ დამთავრდება ყველაფერი მანქანასაც მოგვცემენ და ყველაფერი გვეცოდინება", განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა ნიკოლოზ გინტურმა.
თამაზ გინტურის ოჯახი მკვლელების გადმოცემას და სასტიკად დასჯას მოითხოვს.
6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.