
ნარმანია: აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს, წესით, არ დავეხმარებით
16/11/2023 08:06:37 კონფლიქტები
სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ცალსახა პასუხი ვერ გასცა ჟურნალისტის შეკითხვას, დაეხმარება თუ არა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში, თუ თავად ვერ შეძლებს ამას.
"აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური, წესით, არ დავეხმარებით", - თქვა ნარმანიამ.
მისი განმარტებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობა მიეწოდება.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთი ენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, რომ გადაიხადონ ენერგიის საფასური. ერთადერთი ვალდებულება, რაც 1990-იანი წლებიდან მოდის ეს არის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40-60-ზე პროპორციით გაყოფა, რაც ხორციელდება, სხვა რაიმე ვალდებულება ქართულ მხარეს ამ ნაწილში არ აქვს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე უპასუხა დამაზუსტებელ შეკითხვას, თუ ვერ გადაიხდის ოკუპირებული აფხაზეთი თანხას და უშუქოდ დარჩება, დავეხმარებით, თუ არა მათ.
„არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. წესით, არა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.