17-11-2023 13:49:01 სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო ინტერესების დაცვა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა.
„ამ მიმართულებით ნამდვილად ბევრი გვაქვს საამაყო, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. კერძოდ, იგივე აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3300-მდე საქმიდან, აბსოლუტურად ყველა საქმე საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. მინდა კიდევ ერთხელ ყველას ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იქნება მიღწეული ოკუპაციის შესახებ. ასევე, 2023 წლის 28 აპრილს 2008 წლის ომის დროს დაზარალებული 24 ათასამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ რუსეთს 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი (რომელიც, სხვებს შორის, მოიცავს ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და ბაშარულის საქმეებს) 2023 წლის 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ სრულად დასაშვებად გამოაცხადა. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ თითოეული ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა ომის დროს, სამართლებრივად ბოლომდე იყოს დაცული“, - განაცხადა ბრეგაძემ.