
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა კირბალის ინციდენტი ოკუპირებულ ცხინვალში განიხილეს
21/11/2023 17:31:51 კონფლიქტები
დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ შორის, საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ თანათავმჯდომარეებმა ოსური მედიისთვის გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრეს.
დისკუსიის თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა ცხინვალელ ჟურნალისტებს განუცხადა რომ "გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანაა".
„რა თქმა უნდა, განვიხილეთ სოფელ კირბალში მომხდარი ინციდენტი, სადაც ადამიანი დაიღუპა. ჩვენ, როგორც თანათავმჯდომარეები, ძალიან შეშფოთებულები ვართ მომხდარით. ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება. ჩვენ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ გამყოფი ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უსაფრთხოება. ეს არის ჟენევის დისკუსიების მნიშვნელოვანი ამოცანა - მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამყოფი ხაზის მოსაზღვრე რეგიონების მოსახლეობასთან საუბარი გარკვეულ წესებზე, არამედ იმის გათვალისწინებაც, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ისტორიული კავშირი აქვს სალოცავებთან და ეკლესიებთან. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ კავშირებს და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ და როგორ ავიცილოთ თავიდან ტრაგედიები“, - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, კლაარმა.
დისკუსიის თანათავმჯდომარემ გაეროს მხრიდან ჯაჰან სულთანოღლუმა აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატში მრავალი გადაუჭრელი საკითხია, მაგრამ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია.
„მოგეხსენებათ, დისკუსიებში ყველაზე საკვანძო საკითხია ძალის გამოუყენებლობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლში დაბრუნების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ვფიქრობ, ეს გამოწვევები გაძლიერდა ბოლო მოვლენების ფონზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმედი დავკარგეთ. აუცილებელია კონცენტრირება პრაქტიკულ ზომებზე, რათა მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები“, - განაცხადა სულთანოღლუმ.
მისი თქმით, "აუცილებელია მუშაობა იმისთვის, რომ გამყოფი ხაზების ზონაში მოსახლეობის ცხოვრება უფრო პროგნოზირებადი და უსაფრთხო გახდეს".
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.
ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.