22-11-2023 20:32:11 პოლიტიკა
ევროპარლამენტი 23 ნოემბერს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.
დოკუმენტის შინაარსი ხუთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთობლივად შეიმუშავა და დასამტიცებლად ევროპარლამენტს წარუდგინა. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა: "ევროპის სახალხო პარტია";"სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი:";"რეფორმების ჯგუფი";"ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები";"ევროპელი მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი". კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატებია დაგეგმილი. რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.
რეზოლუციაში ევროპარლამენტარები კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.
ევროპარლამენტარები მიმართავენ ევროსაბჭოს, შექმნას ევროკავშირის სანქციების სია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" გათვალისწინებით და დაუწესოს მიზანმიმართული სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.
რეზოლუციის ტექსტით, დეპუტატები გმობენ რუსეთის ჩარევას საქართველოს საშინაო პოლიტიკაში და ხაზს უსვამენ, რომ ამან ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე გავლენა არ უნდა მოახდინოს.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:
ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.