
მიკსერი: გინტურის მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, თუმცა ეს არ არის იზოლირებული აქტი
23/11/2023 07:17:29 კონფლიქტები, პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა ევროპარლამენტში თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ოკუპანტების მიერ ჩადენილი მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, თუმცა ეს არ არის იზოლირებული აქტი.
"იმ დღეს, როდესაც მის სამშობლოს უნდა მიეღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს. ოკუპანტების მიერ ჩადენილი მკვლელობა განსაკუთრებით სასტიკი და ძალადობრივი იყო, თუმცა ეს არ არის იზოლირებული აქტი. მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და დაიკავა მისი სუვერენული ტერიტორიები, ჩვენ ვხედავთ მსგავსი ინცინდენტების მუდმივ ნაკადს. ადგილობრივი მცხოვრებლები და საქართველოს მოქალაქეები მუდმივად შევიწროებულები არიან, ირღვევა ადამიანის უფლებები, უკანონოდაა შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამის პარალელურად ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ადამიანის უფლებების დამრღვევების პასუხისმგებაში მიცემა. ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის საბჭოს, დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს წარმომადგენლებთან, რათა შედგეს სია იმ პირებისა, ვინც დაარღვიეს ადამიანის უფლებები და დაწესდეს ეფექტური და მიზნობრივი სანქციები",– განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტში, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის განხილვისას.
ევროპარლამენტი 23 ნოემბერს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადდა.