27-11-2023 11:27:48 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული ქარული რეგიონის – აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის უპირობო მხარდაჭერას განცხადებით ეხმიანება.
"სომხეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა დასავლეთის გავლენის ქვეშაა მოქცეული, ავრცელებს განცხადებას, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხის არჩეულ გზას – დამოუკიდებელ ქვეყნად განვითარებას ეწინააღმდეგება. ბოლო განცხადებებში, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპირობოდ მხარი დაუჭირა "საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიულობას", რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს.
საჭიროდ მივიჩნევთ, ფაშინიანს შევახსენოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა პატივს სცემს სომეხ ხალხს, რომელთაგან ზოგიერთმა წარსულში მომხდარი ტრაგიკული მოვლნებისგან ხსნა აფხაზეთში იპოვა. დღეს სომხური საზოგადოება აფხაზეთში წარმოდგენილია როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში, სომხურ ენასა და კულტურას მხარს უჭერს სახელმწიფო, სომხური სამოციქულო ეკლესიის სტრუქტურები კი თავისუფლად ფუნქციონირებენ". - წერია ბჟანიას განცხადებაში.
ამასთან, ბჟანიამ აღნიშნა, რომ "სომხებს აფხაზეთში აქვთ ყველაფერი, რისი გარანტირებაც ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო ყარაბაღში მცხოვრები სომხებისთვის, რომლებიც მისი პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოს ჩამოშლისა და მშობლიური მიწიდან მასობრივი გაძევების ტრაგედიის წინაშე აღმოჩნდნენ".
გარდა ამისა, ბჟანია ამტკიცებს, რომ "არც სომხეთი და არც მისი პრემიერი მიერ მხარდაჭერილი საქართველო არ შეესაბამებიან ფაშინიანის განცხადებაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს".
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სომხური წარმოშობის მარიონეტმა დეპუტატებმა აშოტ მინოსიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა, ერიკ რშტუნიმ და ლევონ გალუსტიანმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და ფაშინიანის სიტყვები "მათი სამშობლოს, აფხაზეთის მიმართ დემარშად" მოიხსენიეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანს ჰკითხეს, მზად არის თუ არა, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიაროს. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დემოკრატიას.