
ოკუპირებულ ცხინალში უკრაინიდან გადასვენებული კიდევ ერთი ადგილობრივი დაკრძალეს
01/12/2023 19:34:24 კონფლიქტები
1 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები აზამატ ბესტაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა.
ოსური მედიის ცნობით, აზამატ ბესტაევი რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე მსახურობდა და იქიდან იყო გაწვეული უკრაინაში საბრძოლველად.
ბესტაევი ზაპოროჟიეს მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა. ის 28 წლის იყო. დარჩა ერთი შვილი. ბესტაევი, სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა.
ბოლო ორ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკრაინიდან 3 მებრძოლი გადაასვენეს. 25 ნოემბერს დაასაფლავეს 36 წლის ბაგრატ გასიევი, რომელიც ადგილობრივი მედიის ცნობით, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა რუსეთის მხარეს ბრძოლისას. ხოლო 22 ნოემბერს დაკრძალეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაღუპული ვლადიკ თედეევი.
ღია წყაროების მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.