Accentnews.ge
გალის ოკუპირებულ რაიონში IPRM-ის ფარგლებში შეხვედრის გასამართად სივრცეს ამზადებენ

გალის ოკუპირებულ რაიონში IPRM-ის ფარგლებში შეხვედრის გასამართად სივრცეს ამზადებენ

04/12/2023 11:15:01 კონფლიქტები

გალის ოკუპირებული რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია აცხადებს, რომ "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის" (IPRM) ფარგლებში შეხვედრის გასამართად სივრცეს ამზადებენ.

„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდის შემდეგ, ჩვენს საკონტროლო პუნქტთან მისვლამდე. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, მთელი საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზევით მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და გაიმართება შეხვედრები. ისე გამოვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაა, მაგრამ ისინი ჩვენთან სრულად არ შემოვლენ. იქ შევეცდებით, რომ ამ ფორმატში პრეტენზიები მოვაგვაროთ... დავიწყოთ ნორმალური დიალოგი“, - განაცხადა, "რადიო თავისუფლების" ცნობით, ფილიამ.

როგორც "რადიო თავისუფლება" იტყობინება, დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქართული მხარე მოითხოვდა, მოლაპარაკების მონაწილეებს ენგურის ხიდი პირადობის მოწმობით გადაეკვეთათ, რასაც ე.წ. ხელისუფლებისგან წინააღმდეგობა მოჰყვა.

ამასთან, კონსტანტინე ფილიამ შემდეგი განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანასწორი დიალოგისთვის“.

რაც შეეხება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, ფილიამ შემდეგი აღნიშნა: „დაე, ეს ჟენეველები აქ შემოვიდნენ, ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის ყველაფერი. ... იქ, ჟენევაში, არაფერი გადაწყდება“.

ფილიამ დაამატა, რომ „საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც ესმით, რომ საჭიროა, ამ ფურცლის გადაშლა. საქართველოს მთავრობა იძლევა სიგნალს იმის შესახებ, რომ მას არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინააღმდეგი“, მაგრამ მანვე აღნიშნა „დასავლეთის მიერ ძალიან სერიოზულად დაფინანსებული“ ოპოზიციის შესახებ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში შეხვედრა 2018 წლიდან არ გამართულა. ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში აწარმოებს.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S