
მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე" ალაპარაკდა
07/12/2023 06:22:19 კონფლიქტები, პოლიტიკა
მოსკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე" ალაპარაკდა.
როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ახლადდასრულებულ 59-ე რაუნდთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების დაცვის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა გამოწვეულია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო ათვისების გეგმის რეალიზებითა და შეიარაღების თანამედროვე სახეობებით ამ ქვეყნის აღჭურვით".
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მოსკოვის მტკიცებით, მისი მონაწილეების მხრიდან გამოიხატა "საერთო დაინტერესება ჟენევის ფორმატის, როგორც მოლაპარაკებათა მრავალმხრივი პლატფორმის შენარჩუნებაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხების სხვადასხვა ასპექტებზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად".
ამასთან, რუსეთი კვლავ მიუთითებს "საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებების გაფორმების აუცილებლობაზე", რასაც "მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყების" მოთხოვნაც დაემატა.
"შეხვედრის მონაწილეები მივიდნენ საერთო შეფასებამდე, რომ ვითარება "მიწაზე", ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზღვრისპირეთში, ცალკეული ინციდენტების გამოკლებით, მთლიანობაში სტაბილური რჩება" - ირწმუნება მოსკოვი.
მისივე ინფორმაციით, აღინიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში გალის შეხვედრების განახლების მნიშვნელობა.
"აფხაზურმა მხარემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გამოვიდა მორიგი წინადადებებით, რომელიც ხსენებული მექანიზმის აღდგენაზეა მიმართული, თუმცა ქართული მხარის წარმომადგენლებმა ამ ინიციატივებს მხარი არ დაუჭირეს" - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა მორიგ ჯერზე თქვეს უარი ქართველი დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვაზე და ამ კუთხით გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციების "პოლიტიზირებულობაზე" მიუთითეს.
"იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებისთვის კვლავინდებურად დახურულია ნიუ-იორკის პლატფორმაზე წვდომა, რის გამოც ისინი იქ თავის პრინციპულ მიდგომებს ვერ წარადგენენ, რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა კვლავ დააყენეს ამ დისკრიმინაციული პრაქტიკის შეწყვეტის საკითხი, რომელიც შეუძლებელს ხდის ხსენებული პრობლემატიკის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში განხილვას" - ნათქვამია შემაჯამებელ განცხადებაში.
მოსკოვის ინფორმაციით, ჟენევის ფორმატის რიგით მე-60 შეხვედრა 2024 წლის აპრილისთვის დაიგეგმა.